აზროვნების ფორმა, რომელიც ორი ან მეტი წანამძღვრიდან ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარს გულისხმობს. დედუქციური აზროვნება ლოგიკური წესების სწორად გამოყენებას გულისხმობს.
წარმოიდგინეთ, მიდიხართ რესტორანში და ფულის გადახდას „საქართველოს ბანკის“ ბარათით აპირებთ. რეკავთ რესტორანში და ეკითხებით, შესაძლებელია თუ არა, რომ „საქართველოს ბანკის“ ბარათით გადაიხადოთ მომსახურების საფასური. ადმინისტრატორი გპასუხობთ, რომ რესტორანი საქართველოში არსებული ყველა ბანკის ბარათს იღებს. ასეთი პასუხის შემდეგ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ისინი თქვენს ბარათსაც მიიღებენ. რატომ აკეთებთ ასეთ დასკვნას? ამ შემთვევაში შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სილოგიზმით (ორი წინადადებიდან გაკეთებული ლოგიკური დასკვნით), რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ 2000 წლის წინ მოგვცა: რესტორანი იღებს საქართველოში არსებული ყველა ბანკის ბარათს (I წანამძღვარი); „საქართველოს ბანკის“ ბარათი არის საქართველოში არსებული ბანკის ბარათი (II წანამძღვარი); რესტორანი მიიღებს „საქართველოს ბანკის“ ბარათს (დასკვნა).
ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ გვაქვს ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარი, რომელსაც ლოგიკური, დედუქციური მტკიცებულების ფორმა აქვს. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები იკვლევენ, არსებობს თუ არა დედუქციური აზროვნების ფორმალური წესები. კვლევები აჩვენებენ, რომ, შესაძლოა, მართლაც გაგვაჩნია ზოგადი ლოგიკური აზროვნების უნარი, მაგრამ რეალურ სამყაროში დედუქციურ აზროვნებაზე გავლენას ახდენს სამყაროს შესახებ სპეციფიკური ცოდნა და კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებული რეპრეზენტაციული რესურსები. პირველ შემთხვევაში, რწმენის ეფექტთან გვაქვს საქმე, ხოლო რაც შეეხება გამოცდილებას, ის აუმჯობესებს დედუქციური აზროვნების უნარს. ამის კარგი ილუსტრაციაა ის, თუ როგორ ასრულებენ ადამიანები ერთსა და იმავე დავალებას აბსტრაქტული აზროვნებისა და სამყაროს შესახებ რეალური ცოდნის გამოყენებით (იხ. სურათი).
აბსტრაქტული ამოცანის შემთხვევაში ზედა რიგში მოცემული ბარათებიდან ის ბარათები უნდა გადმოაბრუნოთ, რომელთა საშუალებითაც შეამოწმებთ წესს: „თუ ბარათის ერთ მხარეს ხმოვანია მოცემული, მის მეორე მხარეს ლუწი რიცხვი ეწერება“. საგნობრივი ამოცანის (ქვედა რიგი) პირობებში ის ბარათები უნდა გადმოაბრუნოთ, რომლებიც შემდეგი წესის შემოწმების საშუალებას მოგცემთ: „თუ მომხმარებელი ალკოჰოლური სასმელის მიღებას აპირებს, ის 18 წლის მაინც უნდა იყოს“. ინდივიდები, როგორც წესი, მეორე დავალებას უკეთ ასრულებენ, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია რეალური, ცხოვრებისეული ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენება. ეს შედეგი შეიძლება იმით აიხსნას, რომ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, სადაც სმა და ასაკი ერთმანეთთან კავშირშია, აქტივირდება ცხოვრების მანძილზე შემუშავებული სქემა, ხოლო პირობით სიტუაციაში, რომელიც ლუწ რიცხვებსა და ხმოვნებს აკავშირებს, სქემის აქტივაცია არ ხდება. ამიტომ ასეთი პირობითი დავალებები არ იძლევა დედუქციური აზროვნების უნარის სათანადოდ შეფასების საშუალებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.