კანის შეგრძნებები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cutaneous Senses

წნევის, სითბოს, სიცივისა და ტკივილის შეგრძნებები, რომლებიც კანში განთავსებული ნერვული დაბოლოებებიდან წარმოიქმნება და ინფორმაციას გვაწვდის უშუალო გარემოს შესახებ.

ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე ფიქრობდა, რომ ყველა შეგრძნება შეხების ერთ ფართო კატეგორიაში ერთიანდებოდა, მაგრამ დღეისათვის ცნობილია, რომ იმ დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რომელსაც კანის საშუალებით ვიღებთ, სხეულის ზედაპირთან ახლოს განლაგებული რამდენიმე განსხვავებული ტიპის მრავალი რეცეპტორული უჯრედი გვაწვდის (იხ. სურათი). თითოეული ტიპის რეცეპტორი კანთან სხვადასხვა სახის კონტაქტზე რეაგირებს. ზოგიერთი რეცეპტორი, კერძოდ, მერკელის დისკები უწყვეტ ზეწოლაზე/წნევაზე ან ძალიან დაბალი სიხშირის ვიბრაციაზე რეაგირებს, სხვები, მეისნერის სხეულები — შედარებით სწრაფ ვიბრაციაზე ან ხახუნზე. კიდევ სხვა ტიპის რეცეპტორები, რუფინის დაბოლოებები, კანზე უწყვეტ დაწოლაზე ან გაქაჩვაზე რეაგირებენ. სხვა ფუნქციებთან ერთად, ეს რეცეპტორები, როგორც ჩანს, გადამწყვეტ როლს ასრულებენ თითების მდებარეობისა და პოზიციის მონიტორინგსა და კონტროლში.

ცალკე რეცეპტორები აგებენ პასუხს ტემპერატურისადმი მგრძნობელობაზე. საინტერესოა, რომ სითბოსა და სიცივის შეგძნებებისთვის განსხვავებული რეცეპტორები არსებობს. ჩვენ არ გვაქვს ერთი რეცეპტორი, რომელიც თერმომეტრივით მოქმედებს. რეცეპტორების ერთი ჯგუფი უშუალოდ რეცეპტორის ირგვლივ ტემპერატურის მატებაზე რეაგირებს, მეორე კი (უფრო მეტი რაოდენობის რეცეპტორები) საპირისპირო რეაქციით ხასიათდება: კანის ტემპერატურის შემცირებით აიგზნება. დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევაში არც ერთი ამ ჯგუფთაგანი არ არის განსაკუთრებით აქტიური, ვინაიდან ორგანიზმს უამრავი მექანიზმი აქვს სხეულის ტემპერატურის ოპტიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ამიტომ არც ერთი ტიპის რეცეპტორს არ უწევს ამოქმედება, მაგრამ როგორც კი გამათბობელს მივუახლოვდებით ან ცივ წყალში ჩავდგამთ ფეხს, რეცეპტორები მეყსეულად აიგზნებიან და ამ მოვლენების შესახებ გვამცნობენ. გარემოს ტემპერეტურული ცვლილებების საკონტროლებლად თავის ტვინი სითბოსა და სიცივის ცალკეული სიგნალების ინტეგრირებას ახდენს.

კანის მგრძნობიარობას წნევისადმი დიდი დიაპაზონი აქვს და სხეულის ზონების მიხედვით იცვლება. მაგალითად, თითის წვერებზე ათჯერ მეტი სიზუსტით განსაზღვრავთ სტიმულის ლოკალიზაციას, ვიდრე — ზურგზე. სხეულის სხვადასხვა ნაწილის განსხვავებული მგრძნობიარობა გარკვეულ უბნებში ნერვული დაბოლოებების სიმჭიდროვით არის განპირობებული და, ასევე, ამ უბნის შესატყვისი სომატოსენსორული ქერქის ფართობით: რაც მეტია ფართობი, მით მეტია მგრძნობიარობა. ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მგრძნობიარობა მეტია იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება: სახეზე, ტუჩებსა და ენაზე, გენიტალიებზე, ხელებსა და თითებზე. ზუსტი სენსორული უკუკავშირი სხეულის ამ ნაწილებიდან ჭამის, ლაპარაკისა და აღქმის პროცესების ეფექტურ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Gleitman, H., Gross, J., Reisberg, D. (2011). Psychology, 8th ed. W. W. Norton & Company, Inc. New York

კატეგორია: 
ავტორები: