იდეა, რომლის მიხედვითაც განვითარებული, დაწინაურებული სახელმწიფოების ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პოტენციალის ზრდა გამოიწვევს მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების დაახლოებას და შერწყმას მიუხედავად ისტორიული და იდეოლოგიური განსხვავებებისა. ამ თეორიის მიხედვით, (რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან რ. არონი და ჯ. კ. გელბრაიტი) ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდა და მართვის სრულყოფა პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში უზრუნველყოფს კეთილდღეობას, რისი მიღწევისთვისაც ხდება ლიბერალური ეკონომიკისა და სოციალიზმის დადებითი მხარეების დაახლოება და შერწყმა (კონვერგენცია), ხოლო კეთილდღეობის დონეს ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევები განსაზღვრავს. საერთაშორისო ურთიერთობებში კ. თ. ხშირად განიხილება როგორც ტრადიციული რეალისტური მიდგომის ერთ–ერთი ვარიანტი, რომლის თანახმადაც, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, დიდი სახელმწიფოები ერთნაირად იქცევიან ეროვნული უსაფრთხოებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი