კონვერგენცია (პოლიტიკური)

Convergence

სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური სისტემების, მათი სტრუქტურების თანდათანობითი დაახლოება ურთიერთკავშირის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე, არსებითი წინააღმდეგობების გადალახვა და საერთო მახასიათებლების შეძენა, რაც განსაკუთრებით აქტიურდება სამეცნიერო–ტექნიკური განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და გლობალიზაციის პროცესების ვითარებაში. კ–ის იდეა ჯერ კიდევ XX ს–ის 50-იან წლებში გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა თანამედროვე სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის გავრცელებასთან ერთად. კ. მუშავდებოდა ჯ. გელბრეიტის, უ. როსტოუს, პ. სოროკინის, ი. ტინბერგენის და სხვ., მათ შორის ცნობილი „რომაული კლუბის“ წარმომადგენლების მიერ. ისინი გამოდიან იმ მოსაზრებიდან, რომ სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის განვითარება, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების ინტერნაციონალიზაცია, რომელიც ობიექტური რეალობაა და რომელმაც ეროვნული საზღვრები არ იცის, აუცილებლად საბოლოოდ მიგვიყვანს ახალი ტიპის, შერეული, ე.წ. ჰიბრიდული საზოგადოების შექმნამდე, რომელიც თავის თავში მოიცავს დადებითს როგორც კაპიტალიზმიდან, ისე სოციალიზმიდან. აღნიშნულის საფუძველზე, მათი აზრით, უნდა გადაწყდეს თანამედროვეობის გლობალური და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. 70-იან წლებში კ–მ შემდგომი განვითარება და მოდერნიზაცია ჰპოვა ზ. ბჟეზინსკის, რ. ჰანტინგტონის, კ. მენერტისა და სხვა შრომებში, წარმოიშვა იდეა ე.წ. ნეგატიური კ–ის შესახებ. მათი მტკიცებით, დაპირისპირებული სოციალურ–პოლიტიკური სისტემები ერთმანეთისაგან უპირატესად უარყოფითს და არა დადებითს იღებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, როგორც ერთი მთლიანობა, კრიზისისაკენ მიჰყავთ. (რ. ფაილბრონერი, გ. მარკუზე, ი. ჰაბერმასი და სხვ.). ყოფილ სსრკ–ში კ–ის პროპაგანდას უწვდა და მასზე მუშაობდა ა. სახაროვი. დღეისათვის სოციალისტური სისტემის მარცხი დღის წესრიგიდან არ ხსნის კ–ს საკითხს, თუმცა კი სერიოზულად ცვლის მის შინაარსს და წინა პლანზე ახალ ტენდენციებსა და ასპექტებს აყენებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: