სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლებს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემას, პრინციპებსა და მექანიზმს, საარჩევნო სისტემის საფუძვლებსა და სხვ. კ. არის ქვეყნის მთლიანი კანონმდებლობის საფუძველი და მას უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს. ჩვეულებრივ, კ. შემუშავებულია პარლამენტის, ან სპეციალური ორგანოს (დამფუძნებელი კრების, საკუნსტიტუციო კომიტეტის, სათათბიროს) მიერ და მტკიცდება პარლამენტის, დამფუძნებელი კრების მიერ ან რეფერენდუმის საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში კ–ს ადგენენ მონარქები. პრეზიდენტები და ისინივე ამტკიცებენ. ასეთ კ–ებს ოქტრირებულს უწოდებენ. შეცვლის საშუალების მიხედვით განასხვავებენ რბილ და მყარ კ–ებს. მეორე, პირველისაგან განსხვავებით, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფრო მკაცრ, განსაკუთრებულ წესებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანას საერთოდ არა აქვს კ., როგორც განსაკუთრებული დოკუმენტი (მაგ., დიდ ბრიტანეთს), თუმცა რეალური კონსტიტუციური მოწყობა გამყარებულია სხვა კანონებით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი