საარჩევნო სისტემა

Electoral System

ნორმების, წესებისა და მეთოდების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წარმოქმნის გზებს, ფორმებსა და მეთოდებს. ს. ს-ის საფუძვლები, როგორც წესი კონსტიტუციით განისაზღვრება და სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტდება. ასეთი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას საარჩევნო სამართალი ეწოდება. ეს უკანასკნელი არეგულირებს როგორც მის აქტიურ ფორმას, ე.ი. მოქალაქეთა უფლებას არჩევის შესახებ, ასევე მის პასიურ ფორმას, ანუ მოქალაქის უფლებას, იყოს არჩეული. საყოველთაო, თანასწორუფლებიანი საარჩევნო სამართლის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ს. ს. შეიძლება ითვალისწინებდეს ერთსაფეხურიან ან ირიბ, მრავალსაფეხურიან არჩევნებს. ეს უკანასკნელი აისახება, მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას, რომელსაც ხალხი ირჩევს არა უშუალოდ, არამედ მათ მიერ არჩეული სპეციალური პირების - ამომრჩევლების საშუალებით. ხმათა დათვლისა და კენჭისყრის შედეგად ადგილების მიხედვით გამოარჩევენ მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ ს. ს-ებს. პირველ შემთხვევაში განისაზღვრება ყოველი პარტიის (ორგანიზაციის, მოძრაობის) და მათი ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტი და, შესაბამისად, დეპუტეტების რაოდენობა. მეორე შემთხვევაში ყოველ საარჩევნო უბანში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, ვინც დააგროვა ხმათა შეფარდებითი ან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. შერეული სისტემის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ამჟამინდელი ს. ს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: