მოვლენა, რომლის დროსაც სხვადასხვა დროს და განსხვავებული დამკვირვებლების მიერ მოცემული პიროვნების შეფასებები კონსისტენტურია მაშინ, როცა ადამიანის ქცევის შეფასებები სხვადასხვა სიტუაციაში არ არის კონსისტენტური.
კონსისტენტობის პარადოქსის ფენომენის კვლევა მიშელის (1968) სახელს უკავშირდება, თუმცა კვლევა გაცილებით ადრე, 1920-იან წლებში დაიწყო, როცა რამდენიმე მკვლევარი, რომელმაც მიზნად დაისახა ნიშნებთან დაკავშირებულ ქცევაზე დაკვირვება სხვადასხვა სიტუაციაში, განცვიფრებული დარჩა, რადგან ძალზე მცირე ემპირიული საბუთი აღმოაჩინეს სიტუაციების მიხედვით ქცევის კონსისტენტურობის დასადასტურებლად. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებში მხოლოდ სუსტი კორელაცია იქნა აღმოჩენილი პატიოსნების ნიშანთან სავარაუდოდ დაკავშირებულ ორ ისეთ ქცევას შორის, როგორიცაა ტყუილის თქმა და თაღლითობა გამოცდის ჩაბარებისას. მსგავსი შედეგები მიიღეს სხვა მკვლევრებმაც, რომლებიც ისეთი ნიშნების კროსსიტუაციურ თანმიმდევრულობას (კონსისტენტურობას) სწავლობდნენ, როგორებიცაა ინტროვერსია ან პუნქტუალობა.
თუ ნიშნებთან დაკავშირებული ქცევა არ არის კროსსიტუაციურად კონსისტენტური ანუ, თუ ადამიანების ქცევა იცვლება განსხვავებულ სიტუაციებში, რატომ აღიქვამთ თქვენს საკუთარ და სხვების პიროვნებებს, როგორც შედარებით მდგრადს? კიდევ უფრო დამაბნეველია, რომ პიროვნების შეფასება იმ დამკვირვებლის მიერ, რომელიც ინდივიდს ერთი სიტუაციიდან იცნობს, კორელაციაშია იმ დამკვირვებლის შეფასებასთან, რომელიც იცნობს მას სხვა სიტუაციიდან. სწორედ ამ მოვლენას, როდესაც პიროვნების შეფასებები სხვადასხვა დროს და განსხვავებული დამკვირვებლების მიერ კონსისტენტურია, ხოლო ადამიანის ქცევის შეფასებები სხვადასხვა სიტუაციებში არ არის კონსისტენტური, კონსისტენტობის პარადოქსს უწოდებენ (Mischel, 1968).
კონსისტენტობის პარადოქსის აღმოჩენას კვლევათა დიდი რაოდენობა მოჰყვა (მიმოხილვისთვის იხ. Cervone & Shoda, 1999). დროთა განმავლობაში მიღწეულ იქნა კონსენსუსი, რომ ქცევითი არაკონსისტენტობა გამოვლინდა დიდწილად იმის გამო, რომ სიტუაციები არასწორად იყო კატეგორიზებული:პარადოქსი ქრება, როცა მეცნიერები მართებულად დაახარისხებენ სიტუაციათა ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს (Mischel & Shota, 1995, 1999). მაგალითად, დაუშვით, რომ თქვენ გსურთ ქცევითი კონსისტენტობის შეფასება იმის განსაზღვრით, იქცევა თუ არა თქვენი მეგობარი უმეტესად ერთნაირად ყველა წვეულებაზე, რომელსაც იგი ესწრება. მოსალოდნელია,აღმოაჩინოთ, რომ მისი ქცევა მნიშვნელოვნად ცვალებადობს, თუ თქვენი ანალიზის დონე მხოლოდ„წვეულებებია”. საჭიროა, განსაზღვროთ, რომელი ფსიქოლოგიურად რელევანტური მახასიათებლები ყოფენ წვეულებებს განსხვავებულ კატეგორიებად.შესაძლოა, თქვენი მეგობარი უხერხულად გრძნობსთავს ისეთ სიტუაციებში, სადაც მისგან უცხოებისათვის
პირადი ინფორმაციის გაზიარებას მოელიან.შედეგად, ზოგიერთ წვეულებაზე (სადაც მისგან პირადი ინფორმაციის გაზიარებას მოელიან) ის შეიძლება ძალიან არაკეთილგანწყობილად გამოიყურებოდეს,ხოლო სხვა წვეულებებზე (სადაც ამას მისგან არ მოელიან) — საკმაოდ კეთილგანწყობილად.ამავე დროს, სხვა ისეთმა სიტუაციებმა, რომლებიც მისგან გულახდილობას მოითხოვს, როგორიცაა ინტერვიუ სამსახურში მიღებისას, შეიძლება, ასევე გამოიწვიონ ნეგატიური ქცევა. ამდენად, კონსისტენტობა გამოიხატება იმით, რა გზით გამოიწვევენ სიტუაციის მახასიათებლები ადამიანების განსხვავებულ რეაქციებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Cervone, D. & Shoda, Y. (Eds.) (1999). The coherence of personality: Social-cognitive bases of consistency, variability, and organization, New York, Guilford, Press.
Mischel, W. (1968). Personality and Assessment. New York, Willey.
Mischel, W. & Shoda, Y. (1995). A cognitive-affectie system theory of personality: Reconceptualizing situations, dispositions, dynamics, and invariance in personality structure. Psychological Review, 102, 246-268.
Mischel, W. & Shoda, Y. (1999). Integrating dispositions and provessing dynamics withing unified theory of personality: The cognitive-affective personality system. In I. A. Pervin & O. P. John (Eds.) Handbook of personality: Theory and research, 2nd ed. (pp. 197-218), New York, Guilford, Press.