გარკვეული ტერიტორიის ერთობლივი მფლობელობა ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ასეთი მფლობელობის მონაწილე სახელმწიფოები ერთობლივად ახორციელებენ მოცემულ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას. ეს ტერიტორია ამ სახელმწიფოების სუვერენული სივრცის ნაწილს შეადგენს. კ–ის მონაწილე სახელმწიფოთა სუვერენული მფლობელობის ურთიერთშეფარდება მოცემულ ტერიტორიაზე გამიჯნულია მათ შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებით. კ. პოლიტიკური და სამართლებრივი მმართველობის იშვიათი ფორმაა და ჩვეულებრივ, ხანგრძლივობით არ გამოირჩევა (მაგ., საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კ. ახალი ჰებრიდის კუნძულებზე, დიდი ბრიტანეთისა და ეგვიპტის კ. სუდანში და ა.შ.). კ. უნდა განვასხვავოთ სამხედრო ოკუპაციისაგან. კერძოდ, მოკავშირეების მიერ ომის შემდგომი გერმანიის ერთობლივი მმართველობა კ–ის მაგალითი არ არის.მეორე მნიშვნელობით, კ. ალტერნატიული მსოფლიო მოდელია, როცა დომინანტი ზესახელმწიფოები ერთობლივად, შეთანხმებით მართავენ საერთაშორისო სისტემას. თუმცა, ამ მნიშვნელობით ეს ცნება უფრო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი