კოგნიტური პერსპექტივა

Cognitive Perspective

კოგნიტური პერსპექტივა (მიდგომა) ფსიქოლოგიის მიმდინარეობაა, რომელიც აქცენტს აკეთებს  ადამიანის აზროვნებისა და ცოდნის შეძენის პროცესებზე. კერძოდ, აღნიშნული მიდგომის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან იმის შესწავლით, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, შენახვა და მისი გამოყენება პრობლემის იდენტიფიკაციისა და მისი გადაჭრის პროცესში. კოგნიტური პერსპექტივა ფსიქოლოგიაში გაჩნდა როგორც საპასუხო რეაქცია ბიჰევიორიზმსა და ფსიქოანალიზზე. ბიჰევიორიზმი საერთოდ უარყოფდა ფსიქიკური პროცესების შინაგან სტრუქტურულ ორგანიზაციას და მისი შესწავლის მნიშვნელობას ქცევის ასახსნელად, ფსიქოანალიზი კი ადამიანის ქმედებას სიღრმისეული პროცესებით ხსნიდა და დაკნინებული იყო ცნობიერების მნიშვნელობა. კოგნიტური მიდგომის მიხედვით, ადამიანები მოქმედებენ, რადგან ისინი აზროვნებენ, ხოლო აზროვნებენ, რადგან ისინი გონიერი არსებები არიან. ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გარემოს წინმსწრები მოვლენებითა და ინდივიდის გამოცდილებით, ასევე აზროვნების სრულიად ახალი და არა წარსულში გამოყენებული გზებითაც. რადგან ადამიანს აქვს იმ ალტერნატივების წარმოდგენის უნარი, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც არის ან იყო, რაც საშუალებას აძლევს მას მომავლისკენ ისწრაფოს და აწმყო სიტუაცია გადალახოს. კოგნიტური პერსპექტივის თვალსაზრისით, ინდივიდისათვის რეალობა წარმოადგენს არა ობიექტურ სინამდვილეს,  არამედ  მის სუბიექტურ რეალობას, რომელიც  ობიექტური სამყაროს შინაგანი რეპრეზენტაციაა და ეფუძნება მისი გამოცდილების, ინტერპრეტაციებისა და  წარმოსახვის ზეგავლენას. კოგნიტური ფსიქოლოგებისათვის აზრი  შეიძლება იყოს ქცევის როგორც შედეგი, ასევე მიზეზი. თუ ვიღაცას აწყენინეთ და ნანობთ, ეს აზრია, რომელიც ქცევის შედეგად გაგიჩნდათ, ხოლო სინანულის განცდის შემდეგ ბოდიშის მოხდა აზრის, როგორც ქცევის მიზეზის მაგალითია.

კოგნიტური პერსპექტივა საფუძვლად დაედო კოგნიტური ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Sternberg, R. J., 2009 , Cognitive Psychology

გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009).  ფსიქოლოგია და ცხოვრება.

http://www.alleydog.com/glossary/definition.php?term=Cognitive%20Perspective#ixzz3A3xqWQXd

კატეგორია: 
ავტორები: