კლასობრივი სტრუქტურა

Class Structure

საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის ერთ–ერთი მოდელი, რომლის ძირითადი კომპონენტებიც კლასები, სოციალური ფენები და პროფესიული ჯგუფებია. საზოგადოების დანაწილება აღნიშნულ ჯგუფებად ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, როგორებიცაა დამოკიდებულება წარმოების საშუალებებისადმი, ადგილი და როლი წარმოების პროცესში, განათლებისა და შემოსავლების დონე, პროფესია, სოციალური სტატუსი და სხვა. საზოგადოების ტრადიციული კ.ს. წარმოდგენილია როგორც იერარქიული სისტემა, რომელშიც ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს უკავია ყველაზე დაბალი მდგომარეობა. პოსტმოდერნისტული საზოგადოების თეორეტიკოსთა აზრით, თანამედროვე სოციალური სტრუქტურა სხვა კონფიგურაციისაა. მასში ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს შუალედური პოზიცია უკავია. მათი აზრით, თანამედროვე საზოგადოება კლასობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. თუ ტრადიციული სოციოლოგია ორ ძირითად კლასს აღიარებდა და დანარჩენები ან დაიყვანებოდა მათზე, ან მიიჩნეოდა არაძირითად კლასებად (კლასებად, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წარმოების გაბატონებულ წესთან), თანამედროვე სოციოლოგია საზოგადოების სოციალური სტრუქტურის შვიდკლასიან მოდელსაც კი გვთავაზობს.

კატეგორია: 
ავტორები: