უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ქვეყანაში, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. იქ სადაც არსებობს საპარლამენტო მმართველობის ფორმა (მაგ., დიდ ბრიტანეთში), მინისტრები ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებენ მთელი მთავრობის სახელით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში შემავალი მინისტრები პასუხისმგებელნი არ არიან გადაწყევტილების მიღებაზე და ითვლებიან სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის ოფიციალურ მრჩევლებად. ტერმინი „კაბინეტი“ შიძლება შეგვხვდეს ფრანგული პოლიტიკური სისტემის კონტექსტშიც, როდესაც რომელიმე მინისტრთან არსებობს პოლიტიკურ მრჩეველთა გარკვეული ჯგუფი. „კაბინეტურ სისტემაზე“ საუბრისას, ჩვეულებრივ გულისხმობენ მმართველობის ინგლისურ მოდელს, რომლისთვისაც განმსაზღვრელია ორი, კოლექტიური პასუხისმგებლობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშგების პრინციპი. საყურადღებოა, რომ კაბინეტის წევრი მინისტრების რაოდენობა ყველა კაბინეტური სისტემის მქონე ქვეყანაში ერთი პრინციპით არ არის განსაზღვრული. მათი რაოდენობა მერყეობს 10–დან 40–მდე. მაგალითად, კანადაში ყველა მინისტრი ავტომატურად კაბინეტის წევრიცაა, მაშინ როდესაც ინგლისში კაბინეტის წევრი ხდება მინისტრების მხოლოდ მეხუთედი. მ. კ–ის წევრობა ბევრ შემთხვევაში დიდადაა დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე (რამდენი პორტფელი მოიპოვება არჩევნებში გამარჯვებულმა მთავრობამ ან ხომ არ არის მთავრობა კოალიციური) ან ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე (ფედერაციულ ქვეყნებში პრემიერ-მინისტრი ხშირად იზულებულია კაბინეტში წარმოდგენილი ჰყავდეს რომელიმე შტატის ხელისუფლება) და ა.შ. მთლიანობაში ძალზე იშვიათია, რომ მ.კ. მთლიანად წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი მმართველი პარტიით. ყველა სხვა შემთხვევა სხვადასხვაგვარად ზღუდავს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობებს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი