ტერმინი ქცევითი დადასტურება მარკ სნაიდერს ეკუთვნის და აღნიშნავს პროცესს, რომლითაც ერთი პიროვნების მოლოდინები მეორის მიმართ რეალურად ზემოქმედებს ამ უკანასკნელის ქცევაზე იმგვარად, რომ დასტურდება მისი საწყისი ჰიპოთეზა.
მაგალითად, ვიღაცისგან იღებთ ინტერვიუს და მასზე გითხრეს, რომ ის მორცხვი და ინტროვერტია. მოცემული კითხვებიდან რომელს შეარჩევდით ინტერვიუსთვის? (1) რას მოიმოქმედებდით წვეულების გასახალისებლად? (2) როგორ სიტუაციებში ისურვებდით, რომ მეტად კომუნიკაბელური ყოფილიყავით? (3) რა გიშლით ხელს, რომ რეალურად გაიხსნათ სხვა ადამიანებთან? (4) რომელ სიტუაციებში ლაპარაკობთ ბევრს? დავუშვათ, მეორე კითხვა შეარჩიეთ, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს, როდესაც სჯერათ, რომ ინტროვერტს ადამიანს ესაუბრებიან. რეალურად უფრო მოსალოდნელია, რომ ამ შეკითხვაზე უკიდურესად ექსტრავერტი ადამიანის ადეკვატურად გასცემდა პასუხს. ამრიგად, მოლოდინი იმისა, რომ ინტროვერტს უნდა ესაუბროთ, განაპირობებს არჩევანს: თქვენ იმ კითხვებს არჩევთ, რომლებსაც, ჩვეულებისამებრ, ინტროვერტებს უსვამენ. ამას კი მოლოდინის პოტენციურ დადასტურებამდე მივყავართ. თქვენ ჩათვლით, რომ თუ ის გიპასუხებთ ამ კითხვაზე, დარწმუნდებით, რომ ნამდვილად ინტროვერტი ყოფილა.
ნაკვლევია ქცევითი დადასტურებისა და არდადასტურების საფუძვლად მდებარე და მამოტივირებელი ფსიქოლოგიური პროცესები. სხვა სიტყვებით, მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, რატომ იქცევიან აღმქმელები საკუთარი რწმენების მიხედვით ისე, რომ ბიძგი მისცენ თვითქმნად წინასწარმეტყველებებს, ხოლო სამიზნეები — ისე, რომ დაადასტურონ ან არ დაადასტურონ მათი მოლოდინები. აქედან გამომდინარე, იკვლიეს, თუ რა მიზნებით იწყებდნენ აღმქმელები და სამიზნეები ურთიერთქმედებას და ურთიერთქმედების ეს მიზნები როგორ ზემოქმედებდა შემდგომი ურთიერთქმედებების დინამიკასა და შედეგებზე. ასევე, იკვლიეს სოციალური და ფსიქოლოგიური ფუნქციები, რომლებსაც ემსახურებოდა აღმქმელებისა და სამიზნეების ქმედებები. ამ კვლევებმა აჩვენეს, რომ როდესაც ორი ახლადგაცნობილი ადამიანის ურთიერთქმედებაში ქცევითი დადასტურება იჩენს თავს, აღმქმელები, როგორც წესი, პარტნიორის შესახებ ცოდნის მიღების მიზნით მოქმედებენ მაშინ, როდესაც სამიზნე ობიექტები ურთიერთქმედების გაიოლებასა და ხელშეწყობას ესწრაფვიან (Snayder, 1992).
როგორი ფართოდ გავრცელებულიც არ უნდა იყოს, ამ ფენომენს სასრული რაოდენობის ფუნქციური და სტრუქტურული პრერეკვიზიტები გააჩნია. კერძოდ, აღმქმელებისა და სამიზნეების კონკრეტული მოტივაციები და, ასევე, მათი როლებისთვის იმთავითვე დამახასიათებელი ძალთა შორის განსხვავება, ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს მოცემული ქცევითი დადასტურებისთვის ბიძგის მისაცემად.
და ბოლოს, სიანტერესოა, რომ ამ ფენომენს შედარებით ხანგრძლივი შედეგები შეიძლება ჰქონდეს, პირველ რიგში, უნდა აღნიშნოს, რომ შეიძლება შეიცვალოს სამიზნეების მე-კონცეფცია, მათ მიერვე განხორციელებული დამადასტურებელი ქმედებების თვითაღქმის შედეგად. მეორე, დადასტურების „მტკიცებულება“ აღმქმელებმა სამიზნეებისადმი მომავალში მოლოდინების შესატყვისად მოპყრობის გასამართლებლად შეიძლება გამოიყენონ, რამაც, შესაძლოა, ამ უკანასკნელთა ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.
Snyder. M. (1984). When belief creates reality. In L. Berkowitz (Ed.). Advances in experimental social psychology. (Vol. 18. PP. 248-305). Orlando. FL: Academic Press.