დასკვნა, რომელიც ეფუძნება მეხსიერებაში თავისუფლად ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ტერმინი პირველად შემოიტანეს 1973 წელს ტვერსკიმ (Amos Tversky) და კანემანმა (Daniel Kahneman). ავტორები ვარაუდობენ, რომ ინფორმაცია, რომელიც სწრაფად გვახსენდება, უფრო ზუსტი და უფრო გავრცელებული გვგონია, ამიტომ შემდგომი მსჯელობა ამ ინფორმაციას ეფუძნება. ევრისტიკის ეს ტიპი შესაძლებელია მნიშვნელოვანი და დამხმარე იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ხშირად არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ საფუძვლიანად შევაფასოთ ყველა ალტერნატივა, როდესაც არჩევანის გაკეთება გვიწევს. ხელმისაწვდომობის ევრისტიკა გვეხმარება, სწრაფად გავაკეთოთ დასკვნები და მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგალითად, თუ შეგვეკითხებიან, რომელი სიტყვებია მეტი ინგლისურ ენაში, რომლებიც T-ით იწყება, თუ K-ით, იმ სიტყვებზე დავიწყებთ ფიქრს, რომლებიც ამ ბგერებით იწყება და აღმოვაჩენთ, (სწორად) რომ T-ით ასოზე დაწყებული სიტყვები უფრო მეტი გაგვახსენდა, ვიდრე K-ზე.
ხელმისაწვდომობის ევრიტიკაზე დაფუძნებული მსჯელობა, ერთი მხრივ, მოსახერხებელია, თუმცა ხშირად მას შეცდომებამდე მივყავართ. მაგალითად, თუ რეპორტაჟს ნახავთ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, შეიძლება დაიჯეროთ, რომ თქვენც შეიძლება გაგათავისუფლონ სამსახურიდან და ამაზე უფრო ხშირად და ინტენსიურად იფიქროთ. თუ რამდენიმე ტელეგადაცემას უყურებთ ზვიგენთა თავდასხმის შესახებ, თავს დაირწმუნებთ, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია. შესაბამისად, ოკეანეში ცურვაზე უარს იტყვით, რადგან ჩათვლით, რომ ზვიგენების თავდასხმის შანსი მაღალია. თუ რამდენიმე სტატიას წაიკითხავთ ადამიანებზე, რომელებმაც ლატარეაში დიდი თანხა მოიგეს, მეტ ფულს დახარჯავთ ლატარეის ბილეთების ყიდვაში, რადგან გადააფასებთ მოგების შანსს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
D. L. Medin and B. H. Ross, 1997, Cognitive Psychology, p. 522)
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.