თვალსაჩინო/აშკარა მოძრაობა

Apparent Motion

სინონიმები: Apparent Movement, Movement Illusion

თვალსაჩინო/აშკარა მოძრაობა მოძრაობის ან ზომის ცვლილების ილუზიაა, რომელიც განპირობებულია ვიზუალური სტიმულის თავისებურებებით (ვიზუალური ხრიკებით) ანუ ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელიც უმოძრაო ობიექტს წარმოაჩენს მოძრავად. ეს ხდება უძრავი გამოსახულების სწრაფი ცვალებადობით ისე, რომ თითქოს გამოსახულება გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეში. ამ ილუზიის ნათლად გასაგებად შეგვიძლია მოვიშველიოთ ანიმაციის შექმნის მაგალითი: თუ დახატავთ ჯოხიან ადამიანს, რომელიც ისვრის ბურთს და შექმნით ამ ბურთის სხვადასხვა ადგილმდებარეობის თანმიმდევრულ ნახატებს საწყისი პოზიციიდან მიწაზე დავარდნამდე;  შემდეგ სწრაფად ცვლით ყველა ნახატს, იქმნება ილუზია, რომ ბურთი მოძრაობს. თვალსაჩინო მოძრაობის მაგალითია ის შემთხვევაც, როდესაც ადამიანი ზის უძრავ ავტომობილში და მის გვერდით მდგომი ავტომანქანა მოძრაობას იწყებს, მას შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ მისი მანქანა მოძრაობს.

ვერთჰაიმერის კვლევებზე დაყრდნობით, გეშტალტფსიქოლოგებმა კორტემ და ნეოჰაუსმა სხვადასხვა სტიმულ-პარამეტრის დამატებითი ეფექტების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავეს ე.წ. „კორტეს კანონი“ (Korte, 1915; Neuhaus, 1930). აღნიშნული კანონის თანამედროვე ფორმულირება შემდეგია: რაც უფრო დიდია ორ სტიმულს შორის მანძილი და რაც უფრო მეტადაა დარღვეული მათ შორის სინქრონულობა, მით მეტია დამკვირვებლის მხრიდან სტიმულის, როგორც ერთი მოძრავი ობიექტის, აღქმის ალბათობა. 

აშკარა/თვალსაჩინო მოძრაობის ორი ფორმაა ცნობილი: Phi ფენომენი (Phi phenomenon) და β (beta phenomenon) ფენომენი. Phi ფენომენი მაშინ შეინიშნება, როდესაც ვიზუალური ველის სხვადასხვა ადგილზე სინათლის ორი უძრავი ლაქა მონაცვლეობით ინთება და ქრება დაახლოებით 4-5-ჯერ წამში. სინათლის შენაცვლების ამ შედარებით დაბალი ტემპის მიუხედავად, გვეჩვენება, რომ ერთი სინათლე წინ და უკან მოძრაობს ორ პოზიციას შორის. ტრაექტორია, რომელიც ერთ წერტილს მეორესთან აერთებს, შეიძლება მრავალგვარად წარმოვიდგინოთ. თუმცა, ადამიანი, ჩვეულებრივ, ხედავს უმარტივეს ტრაექტორიას - ორ წერტილს შორის სწორ ხაზს (Gutting& Proffitt, 1982; Shepard,1984). იგივე ეფექტია გამოყენებული გარე სარეკლამო ნიშნებსა და დისკო განათების ეკრანებზე.

β ფენომენი პირველად აღწერა ვერთჰაიმერმა და მისი არის ისაა, რომ ეკრანზე უძრავი გამოსახულებების წყება (რიგი) ქმნის უწყვეტი მოძრაობის ილუზიას. ეს ფენომენი აღმოცენდება მხოლოდ მაშინ, როცა კადრების სიხშირე წამში 10-12 კადრზე მეტია. რეალურად უძრავი ობიექტები არ მოძრაობენ და არ იცვლიან ადგილს, მაგრამ მოძრავად აღიქმება იმის გამო, რომ ცვლილება იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე თვალს შეუძლია შეამჩნიოს.  

თვალსაჩინო მოძრაობის ილუზია ნათლად ადასტურებს, რომ მოძრაობის აღქმაში მნიშვნელოვნადაა ჩართული უმაღლესი დონის შემეცნებითი პროცესები.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Herzog, M.H. & Ögmen, H. (?) , Apparent motion and reference frames

გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ

http://psychologydictionary.org/apparent-movement/

მოძრავი ილუსტრაციები:

http://cdn.bigshotcamera.com/images/fun/lilacChaser_lilac.gif

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0b/Beta_movement.gif/150px-Beta_movement.gif;

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0b/Beta_movement.gif/150px-Beta_movement.gif;

 

კატეგორია: 
ავტორები: