საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესუსტებით, ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით. ეს ცნება პირველად გამოიყენა დიურკემმა შრომაში „თვითმკვლელობა“ (1897), რათა აღეწერა ისეთი საზოგადოება, რომელშიც ინდივიდებს არა აქვთ, ან არ ცნობენ არანაირ მყარ სახელმძღვანელო პრინციპებს იმ გზების შესახებ, თუ როგორ მოექცნენ ერთმანეთს. ასეთი უნორმობა, დიურკემის აზრით, დამახასიათებელია მისი თანამედროვე (არატრადიციული) საზოგადოებებისათვის, რომლებშიც დომინანტურია ინდივიდუალიზმის პრინციპი და იკარგება კოლექტიური ცნობიერების, სოციალური სოლიდარობის პრიმატი. ამ პირობებში აქცენტი კეთდება კერძო, ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე სავალდებულო (საყოველთაო) ნორმების გათვალისწინების გარეშე. როდესაც შეუზღუდავი სურვილების დაკმაყოფილებისათვის რესურსები მწირია, ეს ინდივიდს უბედურს ხდის და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს. მაშასადამე, დიურკემის აზრით, აუცილებელია საზოგადოებაში არსებობდეს მყარი ნორმატიული ჩარჩოები, რომლებიც შეზღუდავს კერძო სურვილების პრიმატს. ა. სწორედ ის ვითარებაა, როდესაც ამგვარი ნორმატიული ჩარჩოები დარღვეულია. სტერილური საზოგადოება არ არსებობს. ამიტომ დიურკემი მართებულად მიუთითებს, რომ დანაშაულის არსებობა თავისთავად ნორმალურია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის არ აჭარბებს თითოეული სოციალური ტიპისთვის განსაზღვრულ დონეს. თუ ნორმალურსა და პათოლოგიურ ფაქტებს შორის მიმართებაში პათოლოგიური დომინანტობს, ა-სა და ა-ურ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ამის დასადგენად პათოლოგიური ფაქტები უნდა შევუფარდოთ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ა-ის ცნებას აანალიზებს ამერიკელი მეცნიერი რობერტ მერტონი. იგი აკრიტიკებს ადამიანის ქცევის ბიოლოგიური ფაქტორებით ახსნის თეორიას და ქცევის განმსაზღვრელად სოციალურ-კულტურულ პირობებს მიიჩნევს. იგი ა-ს უკავშირებს სოციალურ სტრუქტურას, რომელშიც მოიაზრებს გარკვეული მიზნებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფებს და იმ საშუალებებს, რომელთაც ადამიანები ამ მიზნების მისაღწევად იყენებენ; ამ საშუალებებს იგი ყოფს ორ ჯგუფად: კანონიერად და უკანონოდ. ეს უკანასკნელი მიზნების მიღწევაში უფრო ეფექტურია. ა. კულტურაში მიზნებსა და მათი მიღწევის კანონიერ საშუალებებს შორის წონასწორობის დარღვევაა. მერტონი მიზნებსა და საშუალებებს შორის მიმართებათა ხუთ ძირითად ტიპს განასხვავებს: კონფორმიზმი, ინოვაცია, რიტუალიზმი, რეტრიტიზმი, ამბოხი.
ანომია
Anomie
კატეგორია: