ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა გენდერის, კლასის, რასის, სექსუალობის, უნარებისა და ა. შ. გვერდით, რომელიც დიდ როლს ასრულებს მარგინალიზაციისა და სუბორდინაციის ურთიერთობების სტრუქტურირებაში. ასაკის კვლევები შედარებით ახალი ინტერდისციპლინური დარგია, რომლის ყურადღების ცენტრშია ასაკი, როგორც სოციალური და კულტურული კატეგორია, რაც გულისხმობს იმის აღიარებას, რომ ასაკი წმინდად ბიოლოგიური ფაქტი არ არის. ასაკის კვლევებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიკური ტექსტია სიმონ დე ბოვუარის „სიბერე“ (La Vieillesse, 1970), რომელშიც გაანალიზებულია ეიჯიზმის სხვადასხვა წყარო.
ასაკის კვლევები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იქცევა თანამედროვე სამყაროში ასაკი სოციალური კატეგორიზაციისა და სუბიექტურობების კონსტრუირების მნიშვნელოვან პარამეტრად. ამ პროცესში ხდება „ცხოვრების განსხვავებული საფეხურების“ (ახალგაზრდობა, შუახნის ასაკი, სიბერე და ა. შ.) ხისტ კატეგორიებად ჩამოყალიბება, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად ედება თაობებს შორის წარმოსახული უფსკრულების პოსტულირებასა და გაზვიადებას, ასაკობრივ სტერეოტიპიზებასა და დისკრიმინაციას.
ფემინისტური გერონტოლოგია გენდერული და ასაკობრივი განსხვავებების ურთიერთკვეთას იკვლევს. ეს კვლევები ნათელყოფს ანდროცენტრულ და სექსისტურ კულტურებში ასაკოვანი ქალების განსაკუთრებულ მარგინალიზებას, რაც მჭიდრო კავშირშია იმასთან, რომ ქალის ღირებულება დაიყვანება მის როლზე, როგორც მამაკაცის სექსუალური სურვილის ობიექტსა და რეპროდუქციის აგენტზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ნიშანდობლივია მენოპაუზასთან დაკავშირებული დისკურსები, რომლებიც მენოპაუზას ქალის ცხოვრების განსაკუთრებულ, ხშირად ტრაგიკულ ეტაპად წარმოადგენს, რომლის შემდეგაც ქალი აღარ მოიაზრება რომანტიკული ან სექსუალური კავშირის შესაძლო პარტნიორად. ამ დისკურსებს, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად უმზადებს ნიადაგს და აძლიერებს ჰეტეროსექსიზმი.
ასაკისა და გენდერის მკვლევრები ასევე აკრიტიკებენ გაბატონებულ წარმოდგენებს ასაკში შესვლასთან ერთად დაღმასვლის, რიგიდულობის ზრდის, განვითარების შეწყვეტის შესახებ, რომლებიც, როგორც წესი, ქალებზე უფრო მეტად ვრცელდება. ფემინისტი ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სხვადასხვა თაობის ქალებს შორის კავშირებზე, რომლებშიც ხედავენ წინააღმდეგობას როგორც ეიჯიზმის, ისე ჰეტეროსექსიზმისა და კაპიტალისტური გაუცხოების მიმართ.
იხილეთ: ეიჯიზმი, გერონტოფობია
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Arber, S. and Ginn, J. (1995). Connecting Gender and Ageing, Buckingham: Open University Press.
Code L. (2000). Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.