ფილმებისადმი ქვიარ პერსპექტივით მიდგომა, კინოს ქვიარ ისტორია ცდილობს, აღმოაჩინოს და გააანალიზოს, როგორ არის გამოხატული ადამიანის სექსუალობის ფართო სპექტრის სხვადასხვა ასპექტი კინოინდუსტრიაში. ამ პერსპექტივის საჭიროება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ფილმები კულტურული არტეფაქტებია, რომლებიც არაპირდაპირი და ჩახლართული გზით მჭიდროდ უკავშირდება გენდერის, სექსუალობის, ისტორიისა და იდენტობის ჩვენეულ აღქმას.
ქვიარკინემატოგრაფიის ყველაზე კონკრეტული და ვიწრო განსაზღვრება იქნებოდა მისი შემოსაზღვრა ლგბტ თემზე გადაღებული ფილმებით. ქვიარ კინემატოგრაფიას შეიძლება მივაკუთვნოთ ის ფილმებიც, რომელთა რეჟისორი, სცენარისტი ან პროდუსერი, ან მასში მონაწილე მსახიობი ქვიარ თემს მიეკუთვნება. ქვიარ კინემატოგრაფიის სხვა გაგება მაყურებლის თეორიაზეა ორიენტირებული. ამ მოდელის მიხედვით, ქვიარად ითვლება ის ფილმი, რომელიც ასეთად აღიქმება ლესბოსელი, გეი ან სხვა სახის ქვიარ მაყურებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა სიუჟეტის მქონე ფილმი შეიძლება იყოს ქვიარი, თუკი ის გენდერსა და სექსუალობაზე დომინანტურ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს. ხშირად ლესბოსელი და გეი მაყურებლები ფილმებს ჰეტეროსექსუალებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში გეი კულტურაში არსებობდა ჰოლივიდური ფილმების „წესების წინააღმდეგ“ კითხვის მთელი სისტემა, რომელიც „კემპის“ (camp) სახელით იყო ცნობილი. მაგალითად, სამხედრო თემატიკის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „საუკეთესო მსროლელი“ (Top Gun,1986) საკულტო ქვიარ ფილმი გახდა მამაკაცის შიშველი სხეულის ხშირი დემონსტრირების, სიტყვათა ორაზროვანი თამაშისა და ინტენსიური ჰომოსოციალური კავშირის გამო. ასეთივე საკულტო ქვიარ ფილმია 1939 წელს გადაღებული „ოზის ჯადოქარი“ (The Wizard of Oz), რომელიც მაყურებელთა უმრავლესობისთვის სულაც არ არის ქვიარ ფილმი, მაგრამ მეორე პარადიგმის თანახმად სწორედაც რომ ასეთად გვევლინება.
ქვიარ ფილმის კონცეპტუალიზაციის კიდევ ერთი მხარეა ჟანრი. მაგალითად, საშინელებათა ფილმები ხშირად აღწერენ უცნაურ და საზარელ სექსუალობებს, რომლებიც შეიძლება ქვიარად მოვიაზროთ. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრები წარმოგვიდგენს ახალ და მრავალეროვან იდენტობებსა და სექსუალობებს, ამასთან, ხშირად უფრო ნეიტრალურ და პოზიტიურ ჭრილში, ვიდრე საშინელებათა ფილმები. ქვიარ ფილმების ჟანრს შეიძლება მიეკუთვნებოდეს მიუზიკლებიც. მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლების გმირები, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალები არიან, მუსიკალურობა, თავისთავად, საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების მსგავსად, ისეთ ჰიპერრეალურ სამყაროს ქმნის, სადაც თითქმის ყველაფერი შესაძლებელია (მაგალითად, ზემოხსენებული „ოზის ჯადოქარი“).
მეტიც, თუკი ჰოლივუდის კინოწარმოებას ამერიკული (ჰეტეროსექსისტური) კინოწარმოების დომინანტურ მეთოდად მივიჩნევთ, ამ ლოგიკით ავანგარდისტული, დოკუმენტური და სხვა ტიპის დამოუკიდებელი კინოწარმოება შეიძლება ქვიარად მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფილმებში უფრო ხშირად ვხვდებით ქვიარ პერსონაჟებსა და მათთვის საჭირბოროტო საკითხებს, ვიდრე ჰოლივუდის ფილმებში. ამ ფილმების სტრუქტურასა და ფორმებში ჰოლივუდური ნარატივისა და ჰეტეროსექსუალურ სასიყვარულო თავგადასავლზე მისი კონცენტრაციის კრიტიკა იკითხება.
იხილეთ, აგრეთვე: ქვიარი, კემპი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Benshoff, H. M. GriffinS. (2006) Queer Images: A History of Gay and Lesbian Film in America, Rowman&Littlefield Publishers, INC.