კემპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Camp

„კემპი“ ჰომოსექსუალური სუბკულტურების მიერ ინტერპრეტირებული და ხელახლა განმარტებული მეინსტრიმული კულტურის ერთგვარ პაროდიას აღნიშნავს. კემპი ყოველდღიური რეალობის სტილისტურად და ემოციურად გაზვიადებულ ხატებს გვთავაზობს და ამით მათ ხელოვნურობასა და არანამდვილობას, მათ სოციალურად კონსტრუირებულ ხასიათს უსვამს ხაზს.

ტერმინი „კემპი“ პირველად 1909 წელს გამოიყენა ჯ. რედინგ ვეარმა ვიქტორიანული ეპოქის სლენგის ლექსიკონში. ის კემპს უწოდებდა თეატრალურ, წარმოდგენაზე ორიენტირებულ ქცევას, ემოციებსა და ჟესტებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „დაბალ კლასს“ წარმოადგენდნენ. გადაჭარბებული გამომხატველობა, ანუ კემპი, თეატრალიზების საშუალებით ქცევის ხელოვნურობის წარმოჩენა სპეციფიკურად ჰომოსექსუალური ქცევის, სტილისა და მანერულობის ნაწილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მის შუა წლებამდე.

გეი სუბკულტურებში კემპის გამოყენება ერთგვარი ხაზგასმაა იმ დისტანციისა, რომელიც არაჰეტეროსექსუალ ადამიანებსა და ბუნებრივად მიჩნეულ საზოგადოებრივ ნორმებს შორის არსებობს. კემპის ისეთი ტრადიციები, როგორიცაა გეი კაცების მიერ „ქალური“ ქცევა და დრაგი, განსაკუთრებით პოპულარული იყო, რადგან ის ჰეტეროსექსუალობას „როლის თამაშთან“ აკავშირებს და ამით არყევს მის ბუნებრივ მოცემულობად ხედვას. კემპის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დრაგ ქუინი -  ქალის გროტესკული ფიგურა უზარმაზარი წითელი ტუჩებითა და ხელოვნური წამწამებით, რომელიც სხვადასხვა კინოვარსკვლავისა და მომღერლის პაროდიას აკეთებს და ხაზს უსვამს ქალად ყოფნის სირთულეს და ხელოვნურობას. კემპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დასავლურ გეი და ტრანს სუბკულტურებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კაცის მიერ ქალის ტანსაცმლის მორგება უკანონოდ ითვლებოდა და კროს-დრესინგის გამო შეიძლებოდა ადამიანი დაეპატიმრებინათ კიდეც. ის წინააღმდეგობისა და „საკუთარი სივრცის შექმნის“ ნიშანი იყო. კემპის ისეთი გამოყენება, როგორიცაა გადაჭარბებული კიჩი - ხავერდის დეკორაციები და ძველბერძნული სტატუეტები, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ცხოველების ზეთის საღებავებით შესრულებული სურათები - წინააღმდეგობრივია; ის უპირისპირდება ბურჟუაზიისთვის მნიშვნელოვან „მაღალი“ ხელოვნების ცნებას და კლასობრივ დაყოფას, თუმცა, სანაცვლოდ, უგემოვნო, უშნო „ნაგავს“ ამრავლებს.

კემპი და წარმოდგენა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთი აქტივისტური ჯგუფების საქმიანობაში, როგორიცაა „ქვიარ ნაცია“ და „ექთ-აფ“.

უფრო ზოგადი განმარტებით, კემპია ყველაფერი, რაც გაზვიადებულ წარმოდგენას გვთავაზობს. მაგალითად, კემპია მარია კალასისა და დაიანა როსის სასცენო წარმოდგენები, ლაიზა მინელის თეატრალურობა, დოლი პარტონის მკერდი თუ მაიკლ ჯექსონის სახე.

კემპის ცნების პოპულარიზებას და ჰომოსექსუალური სუბკულტურიდან მეინსტრიმში გადასვლას ხელი შეუწყო სიუზენ ზონტაგის 1964 წლის ესემ „კემპი“. სონთაგი ამტკიცებს, რომ კემპი ესთეტიკის, შეცნობისა და იდენტობის ფორმაა, ხედვის მეთოდია, რომელიც მიმართულია ზედაპირზე, დეკორაციულობასა და სტილზე. ის გამოყოფს კემპის გულუბრყვილო და მიზანმიმართულ ფორმებს. ზონტაგი მოგვიანებით მკაცრად გააკრიტიკეს საკუთარ ნაშრომში გეი სუბკულტურისგან დისტანცირების გამო, თუმცა მისი სტატია დიდწილად ლესბოსურ და გეი გამოცდილებას და შრომებს ეფუძნებოდა. კონტექსტისა და ისტორიისთვის თავის არიდებით და კემპის „ესთეტიკად“ გამოცხადებით ზონტაგი თითქოს პოლიტიკურ მნიშვნელობას უკარგავს კემპს, როგორც ნორმატიულობასთან, რესპექტაბელურობასთან, გენდერისა და სექსუალობის ნორმებთან ბრძოლის ქვიარ სტრატეგიას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale: 2007.

კატეგორია: 
ავტორები: