სელექციური სოციალური ინტერაქციის თეორია, რომელიც ზოგიერთ წყაროში სელექციურ სოციოემოციურ თეორიად მოიხსენიება, ლორა კარსტენს ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები, ასაკის მატებასთან ერთად სოციალური პარტნიორების არჩევისას უფრო შერჩევითები (სელექციურები) ხდებიან და ამას სტრატეგიული და ადაპტური მიზნებიდან გამომდინარე აკეთებენ, რათა დაზოგონ ემოციური რესურსი და ის მათთვის მნიშვნელოვან, ახლო სოციალურ ურთიერთობებში გადაანაწილონ.
სელექციური სოციალური ინტერაქციის თეორია მოტივაციური მოდელია, რომელიც ამტკიცებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად სოციალური წრის შემცირება ხანში შესული ადამიანების ცნობიერ არჩევანს ასახავს. ადამიანებს სურთ თავიანთი ემოციური მიზნები და პრიორიტეტები მათთვის მნიშვნელოვანი და ახლო ადამიანებისკენ მიმართონ, რითაც, ერთი მხრივ, დადებითი ემოციური გამოცდილების მაქსიმიზაციას ახდენენ, ხოლო, მეორე მხრივ, რესურსებს ზოგავენ და ემოციურ ზიანს იცილებენ თავიდან.
ამ თეორიის მიხედვით, ხანში შესული ინდივიდები აქტიური სოციალური კონტაქტიდან თანდათან პერიფერიულ ურთიერთობებზე გადადიან, თუმცა მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან. ასევე, იკლებს სოციალური ჩართულობა, თუმცა იზრდება ემოციური ჩართულობა არჩეულ სოციალურ პარტნიორებთან. გარკვეული კვლევები ადასტურებს, რომ ასაკის მატებასთნ ერთად ინდივიდები სოციალური წრისა და კონტაქტის სიხშირის შემცირებას აღნიშნავენ, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ არჩეულ სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობით გამოწვეული კმაყოფილების ხარისხი და ინტენსივობა მაღალია.
სელექციური სოციალური ინტერაქციის თეორია ვარაუდობს, რომ გარკვეული ასაკიდან მოყოლებული, ადამიანები ინტიმურობის მოთხოვნილების დაცვისას ისეთ ადამიანებს ირჩევენ, რომლებიც ყველაზე უკეთ შეძლებენ ემოციურ მხარდაჭერას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Silverstein, M; Bengtson, V. L.; Putney, N.; Gans, D. (1999) Handbook of Theories of Aging. Springer Publishing Company
Weiner, B. I. ; Freedheim, K. D. (2003) Handbook of Psychology, Developmental Psychology. Jon Wiley and sons. NJ