ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Frustration-Aggression Hypothesis

ფრუსტრაცია ჩნდება სიტუაციებში, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება. ფრუსტრაციის აღძვრა კი, თავის მხრივ, ზრდის აგრესიის განხორციელების  ალბათობას.

ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზის კარგი ილუსტრაციაა შემდეგი ამონარიდი: „ნამდვილად მძიმე დღე იყო იმ დღეს, ბოლო რეგისტრაცია რომ უნდა გამევლო კურსზე. ვერც ვერავინ ვნახე, რომ დამხმარებოდა. როცა მეათასედ მითხრეს: „სხვა კანცელარიას უნდა მიმართოთ,“ — ისე გავცოფდი, რომ, ფაქტობრივად, კარი გავამტვრიე.“

ჰიპოთეზა ეკუთვნის ავტორების ჯგუფს (Dollard, Doob, Miller, Mower, and Sears, 1939), რომლებიც თვლიდნენ, რომ ფრუსტრაციას (მდგოამრეობა, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც შექმნილი ვითარებები ხელს გვიშლიან მიზნის მიღწევაში) ხშირად მივყავართ აგრესიისკენ.მეცნიერებმა ეს ჰიპოთეზა როგორც პიროვნულ, ისე — სოციალურ დონეზე განხორციელებული აგრესიული ქცევის ასახსნელად გამოიყენეს.

ფრუსტრაციასა და აგრესიას შორის კავშირი მრავალი ემპირიული კვლევით დასტურდება. მაგალითად, ბავშვებმა, რომელთა იმედიც არ გამართლდა — მათ არ მიეცათ განსაკუთრებით მიმზიდველი სათამაშოებით თამაში უფლება, ამ სათამაშოების მიმართ გამოავლინეს აგრესია მაშინვე, როგორც კი ხელში ჩაიგდეს ისინი (Barker et. al., 1941).

ზოგ შემთხვევაში ფრუსტრაცია ზრდის აგრესიის ალბათობას. მაგალითად, ბასმა (1963) კოლეჯის სტუდენტებს სამი ტიპის ფრუსტრაცია (ფულის ვერ მოგება, უკეთესი ქულის ვერ მიღება და დავალების ვერ შესრულება) განაცდევინა. სამივე ჯგუფმა შემდგომში მეტი აგრესია გამოავლინა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის სტუდენტებმა, რომლებიც არ იყვნენ ფრუსტრირებულნი. კვლევა აჩვენებს, რომ მაშინ უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ფრუსტრაციამ აგრესია გამოიწვიოს, როცა აგრესიული ქცევა ამცირებს ან საერთოდ აქრობს ფრუსტრაციას.

ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ ფრუსტრაციის რაოდენობა და შედეგად მიღებული აგრესია დამოკიდებულია იმაზე,  რამდენად ახლოს არის ინდივიდის სასურველი მიზნის მიღწევასთან, როცა მიზნისკენ მავალი გზა ეკეტება, კერძოდ, ფრუსტრაცია და, შესაბამისად, აგრესია მით მეტია, რაც უფრო ახლოს არის ინდივიდის სასურველ მიზანთან.

თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფრუსტრაციას აუცილებლობით არ მივყავართ აგრესიასთან. მნიშვნელოვანია იმ გარემოებების დადგენა, რომლებშიც ფრუსტრაცია აგრესიული ქცევით დასრულდება.

ჰიპოთეზის ბერკოვიცისეული რეფორმულირება

ბერკოვიცმა შემოგვთავაზა ამ ჰიპოთეზის გადასინჯული ვერსია, რომელსაც თავად კოგნიტურ-ნეოასოციაციონისტულ მოდელს უწოდებს (1989). იგი ამტკიცებს, რომ აგრესია შინაგანი ემოციური მდგომარეობისა და გარემოში ხელმისაწვდომი მანიშნებლების ურთიერთქმედების შედეგია. მხოლოდ ფრუსტრაცია არ არის საკმარისი აგრესიის წარმოსაქმნელად. მაფრუსტრირებელი გამოცდილება აგესიისთვის მზაობას ქმნის, ხოლო რეალურად განხორციელდება თუ არა აგრესიული ქცევა, მანიშნებელ სტიმულებზეა დამოკიდებული. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ

Barker, R., Dembo, T., & Lewin, D. (1941). Frustration and aggression: An experiment with young children. University of Iowa Studies in Child Welfare, 18(1).

Berkowitz, L. (1989). Frustration-Aggression Hypothesis: Examination and Reformulation. Psychological Bulletin, Vol. 106, No. 1, 59-73

Buss, A. H. (1963). Physical aggression in relation to different frustrations. The Journal of Abnormal and Social Psychology, Vol 67(1), 1-7

Dollard, J., Doob, L. W., Miller, N. E., Mowrer, O. H., & Sears, R. R. (1939). Frustration and aggression. New Haven, CT: Yale University Press.

კატეგორია: 
ავტორები: