თავისუფალი ასოციაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Free Assosication

თერაპიული მეთოდი, რომელსაც ფსიქოანალიტიკურ მკურნალობაში იყენებენ. ამ დროს პაციენტი უწყვეტად, გააზრების გარეშე საუბრობს საკუთარ აზრებზე, სურვილებზე, ფიზიკურ შეგრძნებებსა და წარმოდგენებზე. იგი არ არჩევს და ცენზურას არ უქვემდებარებს ნათქვამს.

ფროიდმა ეს ტექნიკა არაცნობიერში მოქმედი ძალების საკვლევად შეიმუშავა. მეთოდმა რომ სათანადოდ იმუშაოს, პაციენტი უნდა დათანხმდეს ფუნდამენტური წესის დაცვაზე: მან, შეძლებისდაგვარად, თავი უნდა დაანებოს ცნობიერ წინააღმდეგობას, უარი თქვას რაციონალური აზროვნების პროცესზე და თავისუფლად გამოთქვას ყველაფერი, რაც თავში მოუვა, განურჩევლად შინაარსისა, მასალის ტრივიალურობისა, ერთმანეთთან დაუკავშირებლობისა თუ სამარცხვინოობისა. თავისუფლად ასოცირებისას გამოხატვის სპონტანურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ფუნდამენტური წესი სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ პაციენტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ სპონტანურები იყვნენ.

თავისუფალი ასოციაცია ფსიქიკური ფენომენის დეტერმინისტული ხედვის ფროიდისეულ კონცეფციას ეფუძნება. ის წერს: „როგორც ხედავთ, ჩვენ ვიწყებთ დაშვებით, რომ ეს სპონტანური აზრები შემთხვევითად კი არ იქნა არჩეული, არამედ არჩევანი ინდივიდის საიდუმლოსთან, მის კომპლექსთან მიმართებით არის განპირობებული. მაშასადამე, მას ამ კომპლექსის წარმოებული შეგვიძლია ვუწოდოთ“ (Freud, 1906c, გვ. 108-109). ეს მეთოდი ემი ფონ ნ.-სთან ჩატარებული სეანსებიდან იღებს სათავეს: პაციენტი ღიზიანდებოდა, როცა ფროიდი საუბარს აწყვეტინებდა. შემდგომში ეს მეთოდი ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ქვაკუთხედად იქცა. თავისუფალი ასოციაცია საერთოდ არ მოიხსენიება „ისტერიის კვლევაში“. იმ დროს ფიქრობდნენ, რომ შუბლზე ზეწოლა ამოატივტივებდა აზრს ან ხატს, რომლის დახმარებითაც იმუშავებდა კათარზისის მეთოდი.

იდეა, რომ პაციენტის ყურადღების გადამისამართება რომ დავიწყებულ სიტყვასა და განდევნილ აზრს შორის კავშირის წარმოქმნის საშუალებას შეიძლება იძლეოდეს, პირველად „სინგორელის“ სახელის დავიწყების ანალიზში გამოჩნდა (1898b), თუმცა პროცესს ფროიდი დეტალურად აღწერს თავში „სიზმრების ინტერპრეტაციის მეთოდი“ (1900a): „მას ვეუბნებით, რომ ფსიქოანალიზის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რომ მან შეამჩნიოს და თქვას ყველაფერი, რაც თავში მოუვა და დაბრკოლდეს იმის გამო, რომ, მაგალითად, თავში მოსული აზრი უმნიშვნელოდ ან უადგილოდ ეჩვენება“ (გვ. 101). ეს მეთოდი დორას ანალიზში გამოიყენა ფროიდმა და აღნიშნავდა, რომ „შესაძლებელია ღირებული არაცნობიერი აზრების იმ ნედლი მასალიდან ამოღება, რომელსაც პაციენტი თავისუფალი ასოციაციის შედეგად გვაწვდის“ (1905e, გვ. 112).

ნაშრომში „მკურნალობის დაწყების შესახებ“ (1913c) ფროიდი უკვე ექსპლიციტურად აღწერს ამ იდეებს: „კიდევ ერთი რამ, სანამ დავიწყებდეთ. თქვენი მონთხრობი ერთი რამით მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი საუბრისგან. ჩვეულებრივ, თქვენ მართებულად ცდილობთ, რომ საუბრისას აზრი არ დაგეკარგოთ და ლოგიკურად ააგოთ მსჯელობა. ამასთან, გამორიცხავთ შემოჭრილ აზრებს, რომლებიც ასოციაციურად გიჩნდებათ რაღაც თემაზე საუბრისას, რათა ძალიან არ აცდეთ თემას. ამ შემთხვევაში სხვაგვარად უნდა მოიქცეთ. საუბრისას შეამჩნევთ, რომ სხვადასხვა აზრი მოგივათ თავში, რომლის გვერდზე გადადება და უყურადღებოდ დატოვება მოგინდებათ გარკვეული კრიტიკისა და წინააღმდეგობის გამო. თქვენ, ალბათ, გაიფიქრებთ, რომ ეს უადგილოა აქ ან არც ისე მნიშვნელოვანია, ან  უაზრობაა და ამიტომ აღარ იტყვით ხმამაღლა. აქ არასოდეს გააკრიტიკოთ ასე საკუთართი თავი. თქვენ, ყველაფრის მიუხედავად, უნდა გამოთქვათ ეს აზრები. ფაქტობრივად, ზუსტადაც კი უნდა გაიმეოროთ, რადგან არ გინდათ ამის გაკეთება და თავს არიდებთ. მოგვიანებით აღმოაჩენთ და გაარკვევთ ამ უკუგდების მიზეზს, რაც სინამდვილეში ერთადერთია, რასაც უნდა მიჰყვეთ. ასე რომ, თქვით ყველაფრი, რაც თავში მოგივათ. ისე მოიქეცით, თითქოს მატარებელში, ფანჯარასთან იჯდეთ და მეორე ადამიანისთვის აღწერდეთ უწყვეტად ცვალებად ხედს. და ბოლოს, არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ დამპირდით, რომ აბსოლუტურად გულწრფელი იქნებოდით და არასოდეს დაიტოვებდით სათქმელს, რადგან ის უსიამოვნოა ამა თუ იმ მიზეზის გამო“ (გვ. 135).

თავისუფალი ასოციაციის მეთოდს ხშირად ურევენ ასოციაციის ექსპერიმენტთან, რომელშიც სასტიმულე სიტყვები გამოიყენება და რომელსაც ეუგენ ბლოიერი და კარლ გუსტავ იუნგი პარალელურად ატარებდნენ ბურგოლზლის კლინიკაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, Sigmund. (1906c). Psycho-analysis and the establishmentof facts in legal proceedings. SE, 9: 103–114.

კატეგორია: 
ავტორები: