პირობითი განმტკიცებისას განმამტკიცებლის მიწოდებისა და შენარჩუნების პატერნები.
სკინერმა ლაბორატორიაში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა პარციალური (ნაწილობრივი) განმტკიცების ეფექტი. ახალგაზრდა სკინერს მოუწია ლაბორატორიაში ერთი კვირა ყოფნა ისე, რომ არ ჰქონდა საკმარისი კვებითი განმამტკიცებელი ვირთხებისათვის. ის ეკონომიას აკეთებდა და ვირთხებს საჭმლის ნატეხებს რაღაც ინტერვალით აძლევდა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ დააჭერდნენ ისინი თათს ღილაკს, მეტ საკვებს ვეღარ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ ვირთხები უფრო მეტად რეაგირებდნენ ამ პარციალურ განმამტკიცებელთა ფორმაზე, ვიდრე მუდმივმოქმედ განმტკიცებაზე. ის ვირთხები, რომელთა ქცევაც უფრო იშვიათად განმტკიცდებოდა, გაცილებით ინტენსიურად აჭერდნენ თათს ღილაკს, ვიდრე ისინი, რომლებსაც განმამტკიცებელი ყოველ ჯერზე ეძლეოდათ.
ამ პარციალური განმამტკიცებლის ეფექტურობამ მიიყვანა სკინერი განმამტკიცებელთა განსხვავებული ინტენსივობით მიწოდების კვლევამე (იხ. სურათი). თქვენ თავად განგიცდიათ განმამტკიცებლის განსხვავებული ეფექტის როლი საკუთარ ცხოვრებაში. როცა სკოლაში ხელს სწევდით კლასში, მასწავლებელი ხან გიძახებდათ და ხან — არა. რეალურ ცხოვრებაში ან ლაბორატორიაში განმამტკიცებელი შეიძლება მიწოდებულ იქნეს როგორც პროპორციული განმამტკიცებლის ფორმა — რამდენიმე კონკრეტული რეაქციის შემდეგ; ან განმამტკიცებელი ინტერვალებით — როცა განმტკიცება დროის რაღაც ინტერვალის შემდეგ გაიცემა. თითოეულ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს ფიქსირებული ან ცვალებადი განმტკიცება. ასევე, აღმოჩნდა, რომ პარციალურად განმტკიცებული ქცევა მეტად გამძლეა ჩაქრობის მიმართ, ვიდრე თანმიმდევრულად განმტკიცებული.
ამრიგად, განარჩევენ პარციალური განმტკიცების ოთხ ნაირსახეობას, ესენია: ფიქსირებული პროპორციის (დოზის), ცვალებადი პროპორციის, ფიქსირებული ინტერვალისა და ცვალებადი ინტერვალის ცხრილები.
ფიქსირებული განმამტკიცებლის ცხრილებში განმამტკიცებელი გაიცემა მას შემდეგ, რაც ორგანიზმი გამოავლენს რეაქციათა ფიქსირებულ ოდენობას. როცა განმტკიცებას მოჰყვება ერთი რეაქცია, ცხრილს ეწოდება ფიქსირებული პროპორცია-1 (ფპ-1; ეს არის თანმიმდევრულად განმტკიცების ცხრილი). როცა განმამტკიცებელი მოსდევს ყოველ 25-ე რეაქციას, ცხრილს ეწოდება ფპ-25. ფიქსირებული პროპორციის ცხრილები იძლევა რეაქციის მაღალ ხარისხს, რადგან რეაქციასა და განმტკიცებას შორის პირდაპირი კორელაციაა. მტრედს შეუძლია, გარკვეული დროის განმავლობაში, იმდენი საკვები მიიღოს, რამდენიც უნდა, თუ საკმარისად ხშირად აკენკავს. რაც უფრო მაღალია პროპორცია, მით მეტია პაუზა თითოეული განმამტკიცებლის შემდეგ. განმამტკიცებლის მისაღებად მეტი საპასუხო რეაქციების მიღების მოთხოვნით პროპორციის შემცირებამ იმ შემთხვევაში, როცა ცხოველი გაწვრთნილი და მომზადებული არ არის ამისათვის, შეიძლება მიგვიყვანოს ჩაქრობამდე. ბევრი ადამიანი გაყიდვების ინდუსტრიაში ფპ ცხრილებს მიმართავს: მათ მანამდე უნდა გაყიდონ საქონლის განსაზღვრული რაოდენობა, ვიდრე ჯამაგირს აიღებენ.
ცვალებადი პროპორციის ცხრილში წინასწარ განსაზღვრულია განმამტკიცებელთა შორის რეაქციათა რაოდენობა. ცპ-10 ცხრილი ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 10 რეაქციას მოჰყვება განმამტკიცებელი, მაგრამ განმტკიცებას შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი რეაქციის ან 20 რეაქციის შემდეგ. ასეთი სახით განმტკიცებული ქცევა საკმაოდ რეზისტენტულია ჩაქრობის მიმართ. დავუშვათ, მტრედთან მუშაობა დაიწყეთ ცპ-5 ცხრილით და შემდეგ გადახვედით ცპ-110-ზე. მტრედი აკენკავს 12000 მარცვალს საათში და ასე გაგრძელდება საათების მანძილზე, განმამტკიცებელთა გარეშეც კი. აზარტული თამაშებიც შეგვიძლია ცპ ცხრილების კონტროლს დაქვემდებარებულად მივიჩნიოთ. ამ პრინციპს ემყარება სათამაშო მანქანების პრინციპი: მასში მონეტის ჩაგდების შემდეგ არ იცით, როდის მიიღებთ შედეგს, რომელსაც ელით და კვლავ აგდებთ და აგდებთ მონეტებს. ცპ ცხრილი გაყენებთ გამოცანის წინაშე – როდის მოვა ჯილდო. თქვენ გჯერათ, რომ ის შემდეგი თქვენი რეაქციის თანდართული იქნება და არა უფრო მოგვიანებით.
ფიქსირებული ინტერვალის ცხრილის შემთხვევაში განმამტკიცებელი მიეწოდება პირველი რეაქციის შემდეგ ანუ ფიქსირებული დროის გასვლის შემდეგ. ფი-10 ცხრილში, მაგალითად, როცა სუბიექტი იღებს განმტკიცებას, უნდა გავიდეს 10 წამი, სანამ მეორე რეაქცია განმტკიცდება, რეაქციათა რაოდენობისდა მიუხედავად.
ცვალებადი ინტერვალის ცხრილში საშუალო ინტერვალი წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად, ცი-20 ცხრილში განმამტკიცებელი მიეწოდება, საშუალოდ, ყოველ 20 წამში ერთხელ. ეს ფორმა იწვევს საშუალო სისწრაფით, მაგრამ ძალიან სტაბილური ქცევის ფორმის ჩამოყალიბებას. ჩაქრობა ამ დროს ეტაპობრივი და ძალიან ნელია. ერთ შემთხვევაში მტრედმა 18 000-ჯერ აკენკა პირველი 4 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც განმტკიცება შეწყდა და 168 საათი დასჭირდა ამ ქცევის სრულ გაქრობას. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ცი-20 ცხრილი საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი, თუ გყოლიათ ლექტორი, რომელიც არარეგულარულად, მოულოდნელად გიტარებდათ კოლოქვიუმებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.