განმამტკიცებელი

Reinforcer

განმამტკიცებელი არის ნებისმიერი სტიმული, რომელიც ზრდის მოცემული რეაქციის სიხშირის ალბათობას. განმამტკიცებელი უზრუნველყოფს განმტკიცების პროცესს, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა. ამის მიხედვით შეგვიძლია, განვასხვავოთ პირობითი და უპირობო განმამტკიცებლები. მაგალითად, წყალი, საკვები და სექსუალური სტიმულაცია ბუნებრივი დადებითი განმამტკიცებლებია, ისევე როგორც ტკივილისგან გაქცევა და ტკივილის როგორც ავერსიული სტიმულის თავიდან აცილება წარმოადგენს ფუნქციონალურ, ბუნებრივ უარყოფით განმტკიცებას, რადგან ორივე შემთხვევაში განმტკიცება გადარჩენის პროცესს ემსახურება. შესაბამისად, ასეთი განმამტკიცებლები უპირობო განმამტკიცებელთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. უპირობო განმამტკიცებლებს ხშირად პირველად განმამტკიცებლებსაც უწოდებენ, რადგან ისინი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი არიან და არ საჭიროებენ ადრეულ გამოცდილებას.

რაც შეეხება პირობით განმამტკიცებელს, ეს არის სტიმული, რომელსაც თავდაპირველად ნეიტრალური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შემდეგ გაწყვილდა უპირობო განმამტკიცებელთან ან უკვე არსებულ პირობით განმამტკიცებელთან.  მაგალითად, ბავშვებისათვის, ხშირად, მშობლის ყურადღება პირობითი განმამტკიცებელია და გაწყვილებულია ისეთ უპირობო განმამტკიცებლებთან, როგორებიცაა საკვების მიღება, სითბო და ა.შ.

პირობით განმამტკიცებელს ხანდახან  მეორად განმამტკიცებელსაც უწოდებენ. მაგალითად, ფული პირობითი განმამტკიცებლის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მაგალითია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ძალიან ბევრი უპირობო და პირობითი განმამტკიცებლის შეძენა, საკუთრებაში მოქცევა ანუ გაწყვილება.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სტიმული ინდივიდუალურად მოქმდებს. ის, რაც ერთისთვის დადებით განმამტკიცებლად გამოდგება, მეორესთვის შეიძლება უარყოფითი განმამტკიცებელი აღმოჩნდეს. მაგალითად მარწყვი, რომლის ჭამაც დადებით განმტკიცება იქნება მათთვის, ვისაც უყვარს ეს ხილი, ხოლო არ ჭამა  - უარყოფითი განმტკიცება მათთვის - ვისაც არ უყვარს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს უნივერსალური განმამტკიცებელი, ის მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ  ნამდვილად ზრდის ქცევის გამოვლენას, მის სიხშირეს, ხანგრძლივობას ან ინტენსივობას.

გამოყოფენ ხუთი სახის განმამტკიცებელს:

  1. კვებითი
  2. მატერიალური
  3. აქტივობითი
  4. გადაცვლადი
  5. სოციალური

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

პარსონსონი, ბ. (2007) ქცევის გამოყენებითი ანალიზი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“; თბილისი

Miltenberger, R. (2012) Behavior Modification: Principles and Procedures, 5th edition. Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.

კატეგორია: 
ავტორები: