პროსოციაური ქცევების განხორციელების მთავარი მოტივი სხვა ადამიანის დახმარებაა. პროსოციალურ ქცევას წარმოადგენს ალტრუიზმიც, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე, მეორე ადამინისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს.
ევოლუციონისტური თვალსაზრისით პროსოციალური ქცევა, ისევე როგორც ალტრუიზმი ბაზისური ადამიანური მოტივაციაა და საფუვლად საკუთარი თავის რეპროდუქციის სურვილი უდევს. ალტრუისტული და პროსოციალური ქცევის ახსნას განსხვავებული რაკურსით ცდილობს ორმხრივი (რეციპროკული) ალტრუიზმის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანები იმიტომ ახორციელებენ ალტრუისტულ ქცევას, რომ სანაცვლოდაც იმავეს მოელიან, საჭიროების შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანი გამოიყვანს ცეცხლიდან მეორე ინდივიდს, რათა ანალოგიურად მოექცნენ, თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. შესაბამისად ორმხრივობა ალტრუისტული ქცევის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
დენიელ ბესტონი პროსოციალური ქცევების განხორციელების ოთხ განსხავებულ მოტივატორს გამოყოფს. ესენია 1) ალტრუისტული მოტივი - სხვებზე და მათ სარგებელზე ზრუნვა 2) ეგოისტური - პროსოციალური ქცევის განხორციელება პირადი სარგებლის ნახვის იმედით და გათვლით 3) კოლექტივიზმი - გარკვეულ ჯგუფს შიგნით განხორციელებული პროსოციალური ქცევები, რომლებიც ჯგუფის წარმატების უზრუნველსაყოფად არის მიმართული 4) პრინციპიზმი - სოციალურად სასარგებლო ქცევის განხროციელება, რომელიც ეფუძნება ინდივიდის მორალურ-ეთიკურ შეხედულებებს, მაგალითად, რელიგიურს.
ხანდახან შესაძლოა ზემოთქმული მოტივები წინააღმდეგობაში მოვიდნენ ერთმანეთთან, მაგალითად, როცა ხუთ ადამიანს სჭირდება დახმარება, მაგრამ თქვენ მწირი რესურსები გაქვთ. ასეთ შემთხვევაში სიტუაციას განსხვავებული მოტივები ემატება, რომლებიც საბოლოო არჩევანს განსაზღრავენ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პროსოციალური ქცევების აღმოცენებაზე - ემპათიაა. ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ თანაგრძნობის განცდა დახმარებისა და პროსოციალური ქცევის განხორციელების სურვილს აჩენს ინდივიდებში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი