ემოციური ინტელექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Emotional Intelligence

ყველაზე მეტად გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარი. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ეს განმარტება აერთიანებს ყველა იმ მოდელის ძირითად კომპონენტებს, რომლებიც დღეს არსებობს.

ადრეული ცნობები ემოციური ინტელექტის შესახებ ჩარლზ დარვინის შრომებში ჩნდება, როდესაც დარვინი საუბრობს იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ემოციები ასრულებენ გადარჩენასა და ადაპტაციაში. 1900-იან წლებში, როდესაც ინტელექტის ტრადიციულ განმარტებებში ინტელექტის მხოლოდ კოგნიტური ასპექტები იყო ხაზგასმული, მკვლევრები უკვე აღიარებენ არაკოგნიტური ასპექტების მნიშვნელოვან როლსაც ინდივიდის ზოგადი ინტელექტის ფორმირებაში. 1920 წელს ედუარდ თორნდაიკი იყენებს ტერმინს სოციალური ინტელექტი, რომ აღწეროს სოციალური ურთიერთობების, სხვა ადამიანთა მართვისა და გაგების უნარები. 1940 წელს დ. ვექსლერი მიანიშნებს არაინტელექტუალური ფაქტორების გავლენის შესახებ ინტელექტუალურ ქცევაზე და აღნიშნავს, რომ ინტელექტის მოდელები მანამდე ვერ იქნება სრულყოფილი, ვიდრე ადეკვატურად არ იქნება აღწერილი ეს ფაქტორები. 1983 ჰოვარდ გარდნერმა გამოიყენა ტერმინი მრავლობითი ინტელექტი, რომელიც მოიცავდა ინტერპერსონალურ და ინტრაპერსონალურ უნარებს. მისი აზრით, ინტელექტის ისეთი ტრადიციული ფორმა, როგორიცაა ე.წ. ინტელექტის კოეფიციენტი (IQ), სრულად ვერ აღწერს ინდივიდის შესაძლებლობებს. 1985 წელს Wayne Payne-მა  სადოქტორო დისერტაციაში „ემოციების კვლევა: ემოციური ინტელექტის განვითარება" პირველად გამოიყენა ტერმინი – ემოციური ინტელექტი, მაგრამ ემოციური ინტელექტის ცნება პოპულარული გახდა აშშ-ში დანიელ გოლემანის ცნობილი ბესტსელერის – Emotional intelligence: why it matters more than IQ -  გამოქვეყნების შემდეგ. თავისთავად კი წიგნს წინ უძღოდა ჯონ მეირისა და პიტერ სალოვეის, ასევე საკმაოდ ცნობილი სტატიის  “ემოციური ინტელექტი” გამოცემა, თუმცა სამეცნიერო კვლევებისათვის ბიძგის როლი სწორედ გოლემანის წიგნმა შეასრულა. გაჩნდა სხვადასხვა მოდელი, რომლებიც განსხვავებულ შინაარს მოიაზრებენ ემოციური ინტელექტის ცნებაში.

ძირითადი მიდგომები

დღესდღეობით, განასხვავებენ ემოციური ინტელექტის შესახებ სამ ძირითადი მიდგომას, რომელიც კონსტრუქტის ერთმანეთისგან განსხვავებულ კონცეპტუალიზაციას გვთავაზობს:

1. ემოციური ინტელექტი როგორც უნარი  (Mayer, J. D. & Salovey, P.)

ემოციურ ინტელექტი განიხილება, როგორც სტანდარტულ ინტელექტი და ინტელექტის ისეთივე სახეა, როგორც ანალიტიკური ინტელექტი (IQ). ემოციური ინტელექტი არის „საკუთარ და სხვა ადამიანთა  ემოციებზე დაკვირვების, ემოციების შემჩნევის, სხვადასხვა ემოციის ერთმანეთისგან გარჩევის,  აზროვნებისა და ქცევის მართვის მიზნით ამ ინფორმაციის გამოყენების უნარი”.

2. ემოციური ინტელექტი როგორც პიროვნული ნიშანი

(ა) ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მოდელი (Petrides, K. V., & Furnham, A.) - მოდელის თანახმად, ემოციური ინტელექტი არის „ემოციებთან დაკავშირებული თვით-პერცეპციების ერთობლიობა, რომელიც პიროვნული იერარქიის ქვედა დონეზე მდებარეობს“. კონსტრუქტის ალტერნატიულ სახელწოდებად ავტორები გვთავაზობენ ტერმინს: „ემოციური თვითეფექტურობა როგორც პიროვნული ნიშანი“.

(ბ) ბარ-ონის (Bar-On) სოციალურ-ემოციური ინტელექტის მოდელი - ემოციური ინტელექტი  ერთმანეთთან დაკავშირებული ემოციური და სოციალური კომპეტენციების, უნარების და ჩვევების ნაკრებია, რომელიც  განსაზღვრავს რამდენად კარგად წარმოაჩენს ინდივიდი თავს, რამდენად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორ  ამყარებს სოციალურ ურთიერთობებს და როგორ უმკლავდება ყოველდღიურ მოთხოვნებს, გამოწვევებსა და დატვირთვებს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თავისუფლად იყენებს ტერმინებს: უნარები და ინტელექტი, ცხადია, რომ მოდელი გულისხმობს დისპოზიციებისა და უნარების თვით-აღქმას, რომელიც ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის ასპექტებს წარმოადგენს.

3.ემოციური ინტელექტი როგორც დასწავლილი და შეძენილი კომპეტენცია (Goleman, D)

ამ მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტი არ განიხილება, როგორც თანდაყოლილი ნიჭი და უნარი, არამედ როგორც დასწავლილი და შეძენილი კომპეტენციების ნაკრები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გამოიმუშაოს და განავითაროს ინდივიდმა, რათა  პროფესიულ თუ აკადემიურ სფეროში წარმატებას მიაღწიოს.

განსხვავებული მოდელების არსებობის ფონზე, ემოციური ინტელექტის ცნება სხვადასხვა მიზნისთვის იქნა გამოყენებული: კადრების შერჩევა, პიროვნების დიაგნოსტირება და შეფასება და ა.შ. თუმცა, კვლევათა უმრავლესობა ორიენტირებულია ემოციურ ინტელექტზე, როგორც ფაქტორზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიულ თუ აკადემიურ საქმიანობასა და სოციალურ ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებაში.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

ხ. მარწყვიშვილი, მ. მესტვირიშვილი  (2010). ემოციური ინტელექტი – უნარი, პიროვნული ნიშანი და კომპეტენცია – რას გვთავაზობენ მკვლევრები. საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე. 157-165.

კატეგორია: 
ავტორები: