ადამიანების ტენდენცია, მოერგონ ჯგუფის ან სოციალური გარემოს სხვა წევრების ქცევებს, განწყობებსა და ღირებულებებს.
კონფორმიზმთან დაკავშირებული კლასიკური ექსპერიმენტები ს. აშისა და მ. შერიფის სახელს უკავშირდება. შერიფის (1935, 1936) ექსპერიმენტში მონაწილეებს, რომლებიც სრულიად ბნელ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სთხოვდნენ შეეფასებინათ სინათლის წერტილის მოძრაობის მიმართულება და ოდენობა, რომელიც რეალურად არ მოძრაობდა, მაგრამ მოძრავად აღიქმებოდა (ავტოკინეტიკური ეფექტი). თავდაპირველად შეფასებები განსხვავებული იყო, მაგრამ ჯგუფში ერთობლივი მუშაობის შედეგად, სადაც კვლევის მონაწილეები ხმამაღლა მსჯელობდნენ, დასკვნები თანდათან ერთმანეთის მსგავსი ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ მარტო დარჩენილი ჯგუფის წევრების შეფასებები კვლავ ჯგუფის პირობებში გაკეთებული შეფასებების მსგავსი იყო.
ს. აშის (1956) ექსპერიმენტში კვლევის მონაწილეები დაარწმუნეს, რომ ისინი მარტივი ვიზუალური აღქმის კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. მათ აჩვენეს მუყაოს ბარათები. მუყაოს ერთ ბარათზე გამოსახული იყო ხაზი, ე.წ. სტანდარტული ხაზი, ხოლო მეორე ბარათზე გამოსახული იყო სამი განსხვავებული სიგრძის ხაზი - ერთი სტანდარტული სიგრძის და ორი სტანდარტულისგან რადიკალურად განსხვავებული ხაზი. ხაზების ზომა ყოველი ახალი ცდის დროს იცვლებოდა. მონაწილეებს სთხოვდნენ, მიეთითებინათ, ამ სამიდან რომელი ხაზი იყო სტანდარტული ხაზის სიგრძის. ისინი დავალებას ასრულებდნენ ჯგუფში სადაც, ჯგუფის სხვა წევრები (კვლევის ცრუ მონაწილეები - მოკავშირეები) მიზანმიმართულად მცდარ პასუხებს იძლეოდნენ. მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედი დარჩა სრულიად დამოუკიდებელი – მათ არასდროს გამოუვლენიათ კონფორმიზმი. მონაწილეთა 50-80% (კვლევის პროგრამის სხვადასხვა სტადიაზე) ერთხელ მაინც დაეთანხმა უმრავლესობის ყალბ შეფასებებს მაშინ, როდესაც მონაწილეთა მესამედი უმრავლესობის არასწორ შეფასებებს დაეთანხმა კრიტიკულ ცდათა ნახევარ ან მეტ შემთხვევაში.
ეს ადრეული ექსპერიმენტები მოწმობს არა მხოლოდ იმ ძლიერ გავლენას, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ჯგუფს ჯგუფის წევრზე, არამედ ბიძგი მისცა იმის ანალიზს, რატომ და როგორ ცდილობენ ადამიანები მოერგონ ჯგუფის ან სოციალური გარემოს სხვა წევრებს. განასხვავებენ ერთმანეთისაგან ორ მოტივაციურ გავლენას. ნორმატული გავლენა (Normative influence) – ჯგუფის ეფექტი, რომელიც წარმოიშობა ინდივიდის სურვილის საფუძველზე, იყოს ჯგუფის მიერ მოწონებული, მიღებული და აღიარებული და ინფორმაციული გავლენა (Informational influence) – ჯგუფის ეფექტი, რომელიც წარმოიშობა ინდივიდის სურვილის საფუძველზე, იყოს კორექტული, სწორი და იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of Psychology. 8 Volume Set. Vol. 1