ადამიანთა ერთობა, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მ–მა არ იციან, როგორ (ან სურვილი, არა აქვთ) მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მ – ები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ–კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში – არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვემდებარება. ასეთი სიტუაცია ხშირად კონფლიქტამდე მიდის საზოგადოებაში დომინირებულ ჯგუფსა (კულტურასა) და დაქვემდებარებულ სუბჯგუფს (სუბკულტურას – მაგ., ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსა და მათ კულტურათა) შორის, რასაც კონტრკულტურის გაჩენამდე მივყავართ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მ–ის, როგორც სუბკულტურის წარმომადგენლების ურთიერთქმედება სხვა კულტურათა წარმომადგენლებთან ხშირად ხელს უწყობს ამ კულტურათა გადააზრებასა და მათში ახლებურ ხედვათა ჩამოყალიბებას. (იხ. მარგინალობა)
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი