1. საგარეო–პოლიტიკური ორიენტაციის სახეობა, რომელის გამოყენებითაც სახელმწიფო ცდილობს განზე გადგეს მიმდინარე საერთაშორისო პროცესებისაგან, შეზღუდოს ან საერთოდ შეწყვიტოს საგარეო–პოლიტიკური ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, მინიმუმამდე დაიყვანოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები გარე სამყაროსთან და გეზი აიღოს საკუთარი რესურსებით თვიდაკმაყოფილებაზე. ასეთ პოლიტიკას ატარებდა იაპონია XVII ს–ის დასაწყისიდან XIX ს–ის 50–იან წლებამდე და ნეპალი XIX ს–ის 40–იანი წლებიდან XX ს–ის 50–იან წლებამდე – ნახევრად ი–ისტური ქვეყნების მაგალითია ბირმა, ჩრდილოეთი კორეა, ალბანეთი (XX ს–ის 60–80–იან წლებში). 2. იზოლაციონიზმად იწოდება აგრეთვე აშშ–ის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი XIX ს–ში და XX ს–ის პირველ ნახევარში, რაც გულისხმობდა იმას, რომ არ დაშვებულიყო ევროპის სახელმწიფოების ჩარევა ამერიკის (როგორც აშშ–ის, ისე ლათინური ამერიკის ქვეყნების) საქმეებში, და პირიქით, აშშ–ისა – ევროპის საქმეებში. ეს პრინციპები ჩამოყალიბებული სახით წარმოდგენილია აშშ–ის პრეზიდენტის ჯეიმს მონროს წერილში კოგრესისადმი. (4.XII, 1823) და იგი ცნობილია მონროს დოქტრინის სახელით. ამ პრინციპის გატარება ერთი მხრივ ხელს უწყობდა ევროპის სახელმწიფოებისაგან (პირველ რიგში – ინგლისისაგან) აშშ–ის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ–ის გავლენის ზრდას ლათინურ ამერიკაში და ამ რეგიონის გადაქცევას აშშ–ის სანედლეულო დანამატად. ასეთი პოლიტიკის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობაში აშშ–ის როლი მთელი XIX ს–ის განმავლობაში მეორეხარისხოვანი და ნაკლებადშესამჩნევი იყო. ი–ის პოლიტიკიდან პირველი მნიშვნელოვანი გადახვევა იყო აშშ–ის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში 1917 წელს და პრეზიდენტ უილსონის ცნობილი 14 პუნქტი, რომლებიც ახალი მსოფლიო მართლწესრიგის დამყარებას ითვალისწინებდა. მაგრამ პარიზის 1919 წლის კონფერენციის დამთავრების შემდეგ აშშ კვლავ ი–ის პოლიტიკას დაადგა. 1941 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც იაპონია თავს დაესხა აშშ–ს, ეს უკანასკნელი მეორე მსოფლიო ომში ჩაება და ერთ–ერთი მთავარი როლი შეასრულა აგრესორი სახელმწიფოების დამარცხებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილ ახალ საერთაშორისო ვითარებაში აშშ–ს, როგორც სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ასევე მთავარი როლი დაესკისრა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური რეჟიმების ექსპანსიის შეჩერების საქმეში. ამდენად ი–ის ეს პოლიტიკა ისტორიის კუთვნილება გახდა და აშშ საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად, განმსაზღვრელ სუბიექტად აქცია. ეს როლი კიდევ უფრო გაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ, თუმცა დღეისათვის ასეთი ტენდენცია სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, განსაკუთრებით თვით დასავლეთის სამყაროში – ევროპას სურს დამოუკიდებლად განაგებდეს თავის ბედს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი