სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია, ნომინალური ჯგუფი. ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. დემოგრაფიული თვალსაზრისით, თ. არის ასაკობრივი ჯგუფი, დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა (მაგ., 1940 წ. დაბადებულთა თ., 1940-1945 წლებში დაბადებულთა თ და ა.შ.). თ-ად მიჩნეულია დროის შუალედი, დაახლოებით 30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თ-ს აშორებს შემდგომისაგან, ე.ი. პერიოდი, გარკვეული ასაკობრივი ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის. გენეალოგიური თვალსაზრისით თ. აღნიშნავს საერთო წინაპრისაგან წარმოშობილ კოჰორტას. მიუხედავად კონცეპტუალური სიძნელეებისა, მოცემული ცნება დიდ როლს ასრულებს სოციოლოგიაში. სოციოლოგიური მნიშვნელობით თ. ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება, ინტერესები, შეხედულებები, აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება (თვითშეგნება) აქვთ. ისინი განიხილებიან როგორც გარკვეული კოლექტიური ერთობა (მაგ., XX ს–ის ოთხმოციანელთა თ., II მსოფლიო ომის თ., ე.წ. „დაკარგული თაობა“, აფხაზეთის კონფლიქტის თ. და ა.შ.). კარლ მანჰაიმი (Karl Mannheim, The problem of generations, 1952) განასხვავებს თ–ს როგორც ლოკაციას (დაბადების კოჰორტას) და თ–ს, როგორც რეალობას, სადაც არსებობს ჯგუფისადმი თვითიდენტიფიკაია, რაც გამოწვეულია საერთო ცხოვრებისეული გამოცდილებით, გრძნობებით, შეხედულებებით, ინტერესებით (მაგ., ვიეტნამის ომის თ., სამოციანელთა თ. და ა.შ.). კ. მანჰაიმი თვლის, რომ სხვადასხვა თ–ის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს. მისი აზრით, კულტურის, ინტერესებისა და ქცევის ინდივიდუალური და ჯგუფური განსხვავების ასახსნელად თ–ს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სოციალურ კლასს ან გენდერს. თ–ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სოციოლოგიაში. პოლიტიკური ქცევა კორელაციაშია თაობასთან ზოგჯერ თ–ის მაგივრად ტერმინი „კოჰორტა“ გამოიყენება. ის აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც დროის გარკვეულ პერიოდში საერთო გამოცდილება შეიძინა. კოჰორტა იმ ადამიანთა ერთობლიობაა, რომლებიც ერთდროულად, ერთ პერიოდში ერთნაირი მოვლენების მონაწილეები გახდნენ (ან ერთნაირი მოვლენები განიცადეს; მაგ., უმაღლესში შესულთა კოჰორტა, ჯარში წასულთა კოჰორტა და ა.შ.)
თაობა
Generation
კატეგორია: