სახელმწიფოები, რომელთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი სხვა სახელმწიფოებზე გაცილებით დიდია და მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი), მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თანასწორუფლებიან ერთეულად თვლის. ისტორიულად დ. ს-ის ცნება ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დამლევს. ამ დროისათვის ასეთებად ითვლებოდა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, გერმანია, აშშ, იაპონია, ავსტრია-უნგრეთი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოიკვეთა ჯერ სამი დიდი სახელმწიფო - აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ, შემდგომ კი მათ დაემატა საფრანგეთი და ჩინეთი. სწორედ ამ სახელმწიფოებს, როგორც ფაშიზმთან და მილიტარიზმთან ბრძოლის მთავარ ძალებს მიენიჭა გაეროს უშიშროების მუდმივი წევრების სტატუსი. დღეს დ.ს-ის რიცხვს ისევ შეემატა გერმანია და იაპონია, აგრეთვე იტალია და კანადა. ამათგან პირველი ორისათვის (გერმანია და იაპონია) დადგა საკითხი უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი