მოქმედებათა ის შედეგები, რომლებიც არ ყოფილა ნაგულისხმევი და წინასწარ გათვლილი. მაქს ვებერიდან მოყოლებული, სოციოლოგთა უმრავლესობა სოციალურ მოქმედებებს განიხილავდა როგორც რაციონალურს, როდესაც ხდება მოქმედების მსვლელობის გათვლა, რათა მიღწეულ იქნეს კონკრეტული (კერძო) შედეგი. თუმცა, სოციალურ მოქმედებებს შეიძლება ჰქონდეს სხვა შედეგებიც, რომლებიც მოქმედებაში ჩართულ აქტორებს არ განუზრახავთ. მეტიც, ზოგიერთი შედეგები ზოგჯერ იმის საპირისპიროც კი აღმოჩნდება, რისი მოხდენაც სოციალურ აქტორებს განზრახული ჰქონდათ. აღნიშნული ცნება აქტიურად გამოიყენება, ვთქვათ გიდენსის სტრუქტურაციის თეორიაში: მოქმედებას შეიძლება ჰქონდეს განუზრახველი შედეგები, რომელიც ამავდროულად აუღიარებელი (ანონიმური) პირობებია მომავალი მოქმედებებისათვის. მაგალითად, როდესაც კორექტულად ვწერთ ან ვლაპარაკობთ, ეს განსაზღვრული ენის გამოყენების განზრახული შედეგია. თუმცა ამ პროცესს ახლავს ერთი რეგულარული განუზრახველი შედეგი - ხორციელდება ამ ენის რეპროდუქცია (კვლავწარმოება). ეს კი, თავის მხრივ, არის იმპლიციტური პირობა ყოველი ახალი საუბრისათვის. გ.შ.-ის ცნება ეხმიანება მერტონის მიერ ლატენტური ფუნქციების აღწერას. (იხ. აშკარა და ლატენტური ფუნქციები)
განუზრახველი შედეგები
Unintended Results
კატეგორია: