როგორც პროფესიული დარგი და დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა, პოლიტიკის ანალიზი არსებობის დაახლოებით ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის სახით ჩამოყალიბება გასული საუკუნის შუა წლებით თარიღდება. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია 2 თარიღი: 1948 წელს შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა მსოფლიოში უდიდესი ანალიტიკური სამსახური “რენდ კორპორეიშენი” (Rand Corporation) და 1969 წელი – როცა ა. ვილდავსკიმ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, წაიკითხა კურსი პოლიტიკის ანალიზში. ამის მიუხედავად, პოლიტიკის ანალიზს, როგორც ასეთს, უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი საფუძვლები ჯერ კიდევ სახელმწიფოს წინარე წარმონაქმნების ეპოქაში ისახება, როცა მართვის განსაკუთრებული ფუნქციებისა და სპეციალიზებული ადმინისტრაციული აპარატის ჩამოყალიბება იწყება. თავდაპირველად ასეთი ცოდნა, ძირითადად, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გროვდებოდა და თაობიდან თაობას ტრადიციებისა და ზეპირი გადმოცემების საშუალებით მიეწოდებოდა.
სოციალური ორგანიზაციის გართულებასა და სახელმწიფო მართვის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად ჩნდება ქურუმებისა და მრჩევლების, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკურ-მმართველობითი ცოდნის მფლობელთა და მატარებელთა კასტა, რომელთა მოღვაწეობა, როგორც წესი, საკმაოდ ფარული და გასაიდუმლოებული იყო. პოლიტიკური აზრის ადრეულ ნიმუშებში ხდება სახელმწიფო მართვის პრაქტიკული საკითხებით დაინტერესება, მართვის იდეალური რეცეპტებისა და რჩევების ჩამოყალიბება. ასეთ ადრეულ თხზულებათა შორის შეიძლება დასახელდეს ინდოელი მეფის ჩანდრაგუტპის მრჩევლის, კაუტილიის ბრაჰმანის ნაშრომი “არხაშასტრა” და ჩინელი ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის შან იანის (IV-III საუკუნეები ჩვ.წ.აღ-მდე) თხზულება “შან ცზიუნ შუ” (შანის ოლქის მმართველის წიგნი). ამ კუთხით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ძველი საბერძნეთის პოლიტიკური აზრის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან პლატონი და არისტოტელე. პირველი, მართალია, არცთუ დიდი წარმატებით, მაგრამ მაინც კონსულტაციებს უწევდა სირაკუზის მმართველებს, მეორე კი - ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი და დამრიგებელი იყო.
შუა საუკუნეებში ფეოდალური სახელმწიფოების მმართველთა სასახლეებში მრჩევლების მოვალეობას, ძირთადად, სასულიერო პირები ასრულებდნენ, მაგრამ აღორძინების ხანიდან იწყება მათი საერო პირებით ჩანაცვლების პროცესი. პოლიტიკის ცოდნის პრაგმატული ხასიათის ზრდის საუკეთესო მაგალითს იძლევა XVI საუკუნის იტალიელი მოღვაწის ნიკოლო მაკიაველის ნაშრომები, რომლებშიც ავტორი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ქმედებების გასამართლებლად უარს ამბობს თეოლოგიურ-მორალისტურ სქემაზე და პოლიტიკურ მოღვაწეობას მთლიანად რაციონალურ-პრაგმატული მოდელის საფუძველზე აგებს. თუმცა, ამ გაგებით, გარღვევა უკვე სამრეწველო რევოლუციის პერიოდში განხორციელდა. როგორც პოლიტიკის ანალიზის ისტორიის შესწავლით დაკავებული ზოგიერთი სპეციალისტი, მათ შორის, უ. დანი შენიშნავს, სოციალური ცოდნის დაგროვება-განვითარებაზე მეტად ეს განპირობებული იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანდათანობითი გართულებითა და ეპოქის ახალი გამოწვევებით - ინდუსტრიალიზაციასთან, ურბანიზაციასთან, მოსახლეობის მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობის შეგნებით. ამ პრობლემების გადაწყვეტა ხელისუფალთაგან მოითხოვდა მეცნიერულად შემოწმებულ, სანდო ეკონომიკურ და სოციალურ ინფორმაციაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებას, რამაც ბიძგი მისცა ემპირიული და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების შემუშავებას.
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა დაიწყო (მოსახლეობის პირველი აღწერები აშშ-ში - 1790 წელს, ინგლისში კი, 1801 წელს განხორციელდა). სტატისტიკოსებს ამა თუ იმ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მრჩევლებად იწვევდნენ. XIX საუკუნის დასასრულს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური არგუმენტაცია ემპირიული მონაცემებით უნდა იყოს გამყარებული, სულ უფრო მეტად გაბატონდა. XX საუკუნეში პოლიტიკის ანალიზის განვითარება ახალ ფაზაში შედის, იწყება მისი თანდათანობითი პროფესიონალიზაციის, საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უკვე ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, საექსპერტო გარემოსა და შესაბამისი სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრაქტიკოს-ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი საუნივერსიტეტო წრეებშიც შედიოდა.
პოლიტიკის თეორიასა და სახელმწიფო მართვის პრაქტიკას შორის თანხვედრას ყველაზე უკეთ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მაგალითი, რომელმაც საკუთარი კარიერა პრინსტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფო მართვის პროფესორობიდან დაიწყო. სამეცნიერო წრეების იმ წარმომადგენლებს შორის, რომელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო მოღვაწეობასა და მართვის პროცესში, შეიძლება დასახელდეს რ. გილფერდინგი (გერმანია), უ. შუმპეტერი და ო. ბაუერი (ავსტრია), ბ. ჩიჩერინი და პ. სოროკინი (რუსეთი).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press