იგივე აუდიტორული ან აკუსტიკური ქერქი, თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ნაწილი, მდებარეობს საფეთქლის წილში და აერთიანებს სმენის პირველად ქერქს და სმენის ასოციაციურ ქერქს; პასუხისმგებელია სმენის ორგანოებიდან (ყურებიდან) მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე. თავის ტვინის თითოეულ ჰემისფეროში სმენის პირველადი ქერქი მდებარეობს ჰეშლის ხვეულში, რომელიც თავის ტვინის ლატერალური (სილვიის) ღარის სისქეშია ჩაფლული და საფეთქლის ზედა ხვეულს (საფეთქლის ოპერკულუმს) ესაძღვრება. ჰეშლის ხვეულის სხვადასხვა მონაკვეთში ხდება სხვადასხვა სიხშირის ბგერების გადამუშავება, რის შედეგადაც ორივე ყურის ბაზალური (ძირითადი) მემბრანებიდან მიღებული ინფორმაცია (პროექციები) თითოეულ ჰემისფეროში ტონოტოპიურ რუკას ქმნის. მარცხენა (ჩვეულებრივ) ჰემისფეროში მდებარეობს საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა ნაწილში მოთავსებულია ვერნიკეს ზონა, სმენის ასოციაციური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია ენისა და მეტყველების გაგებაზე. სმენის უფრო მაღალი ასოციაციური ქერქული ზონა თხემის ქვედა წილაკსაც მოიცავს. აღნიშნული წილაკის შემადგენლობაში შედის კუთხის ხვეული (39-ე არე ბროდმანის მიხედვით) და ზენაპირა ხვეული (მე-40 არე ბროდმანის მიხედვით). აღნიშნული არეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კითხვის პროცესში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 801;
მეტრეველი, ლ. (2007). ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 209-300;
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 67