ქალთა კინო

Women’s Cinema / Film

ქალთა კინო შეიძლება აღნიშნავდეს ან ქალთა ავტორობით გადაღებულ ფილმებს, რომელთა რეჟისორები, სცენარისტები ქალები არიან (Women’s Cinema), ან იმ სახის კინოს, რომელიც ქალთა აუდიტორიაზეა გათვლილი (Women’s Film). ეს უკანასკნელი მოიცავს ფილმებს, რომელთა ნარატივიც ქალ პროტაგონისტებზეა კონცენტრირებული და ეხება ისეთ თემატიკას, როგორიცაა ოჯახი, სასიყვარულო ისტორიები, თავგანწირვა, დედობა, ოჯახური ცხოვრება. ქალთა კინო, როგორც ჟანრი, დამოუკიდებელი არ არის, იგი აერთიანებს მელოდრამებს, „ნუარ“ ფილმებს, გოთიკურ და საშინელებათა ფილმებს. ამ ჟანრის ფილმებს მუნჯი კინოს ეპოქაში იღებდნენ და განსაკუთრებული პოპულარული იყო 30-იან და 40-იან წლებში, 50-იანი წლებიდან კი ნელ-ნელა ასპარეზი სერიალებს დაუთმო. თუმცა მოგვიანებით ისევ გაცოცხლდა. თვითონ ტერმინი „ქალთა კინო“ ზოგიერთი ფემინისტისთვის მიუღებელია. მოლი ჰასკელის თანახმად, ეს ტერმინი გულისხმობს, რომ ქალი და ქალის პრობლემები, მისი ემოციები მეორეხარისხოვანია. ამ არგუმენტს იგი იმ მოსაზრებით ამყარებს, რომ ფილმებს, რომლებიც მამაკაცებზეა ფოკუსირებული, „ქალთა კინოს“ ანალოგიურად „მამაკაცის კინოს“ კი არ უწოდებენ, არამედ „ფსიქოლოგიურ დრამას“ ან „ვერსტერნს“, რომლებშიც ქალს უმნიშვნელო და მამაკაცზე დამოკიდებული როლი აქვს. მოლი ჰასკელის აზრით, ეს გამოწვეულია ანგლოსაქსური მორალით, რომლისთვისაც ემოციების გამომჟღავნება და სინაზე მამაკაცისთვის შეუფერებელია, სიყვარულში სინაზის გამოხატვა - მიუღებელი.

ქალთა კინოს საწყის ეტაპზე სტერეოტიპულ რეპრეზენტაციაში ადანაშაულებდნენ, თუმცა პედრო ალმოდოვარის ფილმები ადასტურებს, რომ ამ ჟანრის გამოყენება საპრისპირო მიზნისთვისაც, კერძოდ, ქალთა და სხვა არაპრივილეგირებულ ჯგუფთა გაძლიერებისთვისაც, შეიძლება.

მეორე მნიშვნელობით ქალთა კინო გულისხმობს ქალი რეჟისორებისა და სცენარისტების მიერ გადაღებულ ფილმებს. ქალის გადაღებული ფილმი შეიძლება ყოველთვის არ იყოს ფემინისტური, მაგრამ ყოველთვის ფემინისტი კრიტიკოსების ყურადღების საგანია, რადგან, მრავალი მათგანის აზრით, ქალი კამერით უკვე გულისხმობს ქალური მზერის განვითარებას, საპირისპიროდ მამაკაცური მზერისა, რის მეშვეობითაც მამაკაცის მზერის ობიექტი თავად ხდება მზერის სუბიექტი. ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას, სიტყვებით, ქალის მხრიდან პირველი ფემინისტური აქტი სწორედ მზერის მიპყრობაა.

იხილეთ, აგრეთვე: მზერა, კინოს ფემინისტური თეორია

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Thornham, S. (ed) (1999) Feminist Film Theories a reader, New York University Press

Allison, M. (2001) A Spanish Labyrinth, Films of Pedro Almadovar, Palgrave Macmillan

კატეგორია: 
ავტორები: