საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი ჰიპოთეტური ტიპი ამერიკელი მეცნიერის მ. კაპლანის ტიპოლოგიის მიხედვით. ასეთ სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობების ყველა აქტორი - სახელმწიფო - აბსოლუტურად ინდივიდუალურად მოქმედებს და თანაბარძალიანია. ეს არის ჰობსისეული - „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ - მდგომარეობის პრაქტიკული ასახვა. ასეთი სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სახელმწიფოს ექნება ისეთი იარაღი, რომ შეეძლება ნებისმიერი აგრესორის მოსპობა თუნდაც საკუთრი არსებობის გაქრობის ფასად. ამ სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას აზრი აღარ აქვს, ხოლო სისტემა სტაბილური იქნება მანამ, სანამ ყველა აქტორს შეეძლება გაუძლოს მუქარას და საპასუხო ზომებიც მიიღოს. ე.ვ.ს-ში დაძაბულობამ შეიძლება ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ სისტემა ქაოსმა მოიცვას. თეორიულად დასაშვებია ისიც, რომ ერთმა აქტორმა შეძლოს დანარჩენების დაშინება. ასეთ შემთხვევაში ჩამოყალიბდება იერარქიული სისტემა (იხ. იერარქია).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი