საჯარო პოლიტიკის სამეცნიერო ლიტერატურაში განხილულია ტრანსფორმაციული ხასიათის მქონე ინკრიმენტული ცვლილების სამი ძირითადი ფორმა (Hacker 2004; Mahoney and Thelen 2009). პირველი - „დაშრევება“ (Layering), რაც გულისხმობს „ახალი ელემენტების გადანერგვასა და დამატებას სხვა სტაბილურ ინსტიტუციურ სტრუქტურაში“. ამგვარ კორექტირებას შეუძლია შეცვალოს ინსტიტუტის განვითარების სრული ტრაექტორია ახალი ელემენტების „დაშრევების“ გზით“ (Thelen, 2004). მეორე, კონვერსია (Conversion) - მიუთითებს სიტუაციაზე, როცა პოლიტიკის ფორმალური ინსტიტუციური წესები რჩება იგივე, მაგრამ მისი „ინტერპრეტაცია და განხორციელება ხდება ახალი მეთოდებით“ და როცა აქტორები „იყენებენ ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელ ორაზროვნებას“ (Mahoney and Thelen, 2009). მესამე - პოლიტიკის კურსის დრიფტი (Drift) მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეფორმების პროცესში ახალ სოციალურ და ეკონომიკურ ტენდენციებს შეუძლიათ გარდაქმნან პოლიტიკის არსებული კურსის მიზნები და შედეგები, პოლიტიკის არსებულ კურსში რაიმე სახის კორექტივების შეტანის გარეშე. ეს ხდება მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირები უარს აცხადებენ რეფორმების გატარებაზე, რომ განახორციელონ პოლიტიკის თანდათანობითი ტრანსფორმაცია სწრაფი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების კონტექსტში (Hacker 2004; Hacker and Pierson 2010). ინკრიმენტალიზმის ზემოთ აღნიშნული სამივე მექანიზმი, პოლიტიკის მკვლევართა აზრით, დროთა განმავლობაში პოლიტიკის სრულ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს და პოლიტიკის კურსის არა მთლიან შეცვლას, არამედ მის ყოვლისმომცველ გადახედვას გულისხმობს ახალი პროგრამების სწრაფად შექმნის, არსებულის გაუქმებით ან შეცვლით (Beland & Waddan, 2012).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.