ინგლისური სიტყვა ტომბოი, რომელიც ქართულად „ქალაბიჭად“ ითარგმნება, აღნიშნავს გოგონას, რომელიც ტიპურად ბიჭისათვის დამახასითებელ ქცევასა და მახასიათებლებს ამჟღავნებს, იცვამს მამაკაცის ტანსაცმელს და მონაწილეობას იღებს აქტივობებში, რომლებიც სტერეოტიპულად ბიჭურად ითვლება. მართალია, დიდი ხნის მანძილზე ტერმინი ასოცირდებოდა ლესბოსელობასთან, გენდერის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ტომბოი არ გულისხმობს აუცილებლად ლესბოსური სექსუალური ორიენტაციის ქონას მოზარდობაში.
მასკულინობის მკვლევარი ჯუდით ჰალბერსტამი ყურადღებას ამახვილებს ფემინურ მასკულინობებზე. სტატიაში „მასკულინობა მამაკაცის გარეშე“ ის წერს, რომ მასკულინობა არ დაიყვანება მამაკაცის ბიოლოგიურ აგებულებაზე და შესაძლებელია მასკულინობის არსებობა მამაკაცის ბიოლოგიის გარეშეც. მკვლევარი თეორეტიკოსებს საყვედურობს ქალური მასკულინობის, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც ტომბოის ფენომენია, უგულებელყოფაში და ამტკიცებს, რომ გენდერის კვლევას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ჰალბერსტამი, ასევე, აცხადებს, რომ თუ ბავშვობაში მამაკაცური მახასიათებლების გამოვლენა წახალისებულიც კია გოგონებში, მოზრდილობის ასაკში მსგავსი ქცევა რეპრესირებულია და ისჯება საზოგადოების მიერ. თუმცა, დღესდღეობით, დასავლურ საზოგადოებაში ქალისა დამამაკაცის ჩაცმულობას თუ აქტივობებს შორის ზღვარი იმდენად მცირდება, რომ ტერმინი ტომბოი ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას.
იხილეთ, აგრეთვე: ჯეკ (ჯუდით) ჰალბერსტამი, მასკულინობა
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Halberstam J. ( 2006) Introduction to Female Masculinity in Rachel Adams and David Savran (eds), The Masculinity Studies Reader, pp. 355-375.