მესამე გენდერი (სქესი) ერთგვარი კრებითი სახელია, რომელიც დასავლურ სოციალურ მეცნიერებებში და განსაკუთრებით ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში გამოიყენება ტრანსგენდერ ადამიანთა სხვადასხვა კულტურაში არსებული ნაირსახეობის აღსანიშნავად. მესამე გენდერის (სქესის) სახელით ხშირად მოიხსენებენ ჰიჯრებს ინდოეთში, ბერდაჩეებს ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობაში, ქსანითებს არაბეთის ნახევარკუნძულზე და სხვ.
თავდაპირველად ტერმინი „მესამე გენდერი“ 1957 წელს მ. კეი მარტინმა და ბარბარა ვურისმა გამოიყენეს იმის საილუსტრაციოდ, რომ დასავლური ორსქესიანი მოდელი ადეკვატურად ვერ ასახავს სხვადასხვა კულტურაში არსებულ გენდერულ კატეგორიებს. ამან დიდი გავლენა მოახდინა ფემინისტურ თეორიასა და პოლიტიკურ აქტივიზმზე, რადგან ის შესაძლებელს ხდიდა ანალიზს, რომელიც სცილდება გენდერის დიქოტომიური გაგების საზღვრებს, და მოჰყავდა ანთროპოლოგიური მონაცემები სხვადასხვა (ძირითადად არადასავლურ) კულტურაში არსებულ „საშუალო“ გენდერის ცნებებსა და პრაქტიკებზე. ანთროპოლოგთა მტკიცებით, ტერმინ „მესამე გენდერში“ „მესამე“ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ის აღნიშნავს სქესის დიქოტომიური გაგების მრავალ ალტერნატიულ შესაძლებლობას და ალტერნატიულ გენდერულ როლებს.
ანთროპოლოგების მიერ სხვადასხვა კულტურაში გენდერის გაგების განსხვავებული მოდელების აღწერამ და მესამე გენდერის ცნების დამკვიდრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სქესისა და გენდერის შესახებ თანამედროვე დებატებზე და მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა გენდერული წესრიგის უნივერსალურობისა და ბუნებრიობის ეჭვქვეშ დაყენებისთვის. დასავლელ ტრანსგენდერ აქტივისტებს კროსკულტურული პერსპექტივა მნიშვნელოვან დასაყრდენს სთავაზობს ტრანსგენდერის იდენტობის მედიკალიზაციისა და პათოლოგიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. კროსკულტურული პერსპექტივა გვთავაზობს იმის მაგალითებს, თუ როგორ არის განსხვავებული გენდერული კატეგორიები თუ პრაქტიკები სხვადასხვა კულტურისა და საზოგადოებრივი წყობის განუყოფელი ნაწილი და ნორმად აღიარებული პრაქტიკა.
თუმცა მესამე გენდერის (სქესის) შესახებ ანთროპოლოგთა შრომებს, ისევე, როგორც დასავლელი აქტივისტების მიერ ამ ნაშრომთა გამოყენებას, ხშირად აკრიტიკებენ იმპერიალისტური ხედვისა და კულტურული ესენციალიზმის გამო. თოუელისა და მორგანის (2002) მიხედვით, ხშირად ასეთი ნაშრომები არადასავლური კულტურების კომპლექსურობასა და მრავალფეროვნებას მესამე სქესის ვიწრო ცნებაში ათავსებს და ამით უგულებელყოფს კატეგორიის შიგნით არსებულ განსხვავებებს. გარდა ამისა, ისინი არადასავლური კულტურების ერთგვარ ეგზოტიზაციას ახდენს და რეალობის აღწერის ნაცვლად, მათ დასავლური კულტურის (და კულტურამდელ) იდეალიზებულ ალტერნატივად წარმოადგენს. მესამე გენდერის (სქესის) შესახებ ნაშრომები არადასავლურ საზოგადოებებს სტატიკურ და უცვლელ კულტურებად წარმოაჩენს, ცვალებადი და განვითარებადი დასავლეთის საპირისპიროდ. მესამე გენდერის (სქესის) შესახებ ანთროპოლოგიურ ნაშრომებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი იმით უფრო არიან დაინტერესებული, რომ „სხვა“ კულტურები დასავლეთს შეადარონ და ამით დასავლურ სოციალურ წესრიგში შეიტანონ ეჭვი, ვიდრე იმით, რომ ადეკვატურად აღწერონ და ახსნან ისინი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Evan B.Towle and Lynn Marie Morgan: “Romancing the Transgender Native: Rethinking the Use of the ‘Third Gender’ Concept,” GLQ: A Journal of Lesbian and Gay Studies, Volume 8, Number 4, 2002, pp. 469-497.