დასწავლის ბიოლოგიური კანონზომიერება, რომელშიც ორგანიზმი ავადმყოფობის გამომწვევი საკვებისგან თავის არიდებას სწავლობს.
დავუშვათ, უცნობი ნივთიერებების დეგუსტაციის სტრატეგიის შემუშავება გთხოვეს. ვირთხის ქცევის მემკვიდრული პატერნი რომ გქონდეთ, ამ დროს უაღრესად ფრთხილად იქნებოდით. როცა ისინი ახალ საკვებს ან სურნელს აწყდებიან, ძალიან ფრთხილობენ და ძალიან პატარა რაოდენობას იღებენ გასასინჯად. თუკი ეს ნივთიერება არაფერს დაუშავებს, შემდეგ უბრუნდებიან და მიირთმევენ. მაგრამ, თუ ექსპერიმენტში ისეთ ნივთიერებას ჩავრთავთ, რომელიც ავად ხდის ვირთხებს, მაშინ ისინი ამ ნივთიერებას აღარასოდეს მიეკარებიან. სწორედ ამ ფენომენს ეწოდება გემოსთვის თავის არიდებით დასწავლა. ამ გენეტიკურ უნარს — საკვების გასინჯვასა და დასწავლას, რომელი საკვებია უსაფრთხო და რომელია ტოქსიკური, დიდი ღირებულება აქვს.
გემოსთვის თავის არიდებით დასწავლა ძალზე ძლიერი მექანიზმია. განსხვავებით კლასიკური განპირობებულობის სხვა ასპექტებისაგან, გემოსთვის თავის არიდებით დასწავლა მხოლოდ ერთჯერადი დაწყვილებით ხდება. წყვილდება განპირობებული სტიმული (ახალი საკვები/სურნელი) და მისი შედეგი (განუპირობებლი სტიმულის – ელემენტის, რომელიც, ფაქტობრივად, იწვევს ავადმყოფობას – შედეგი). ეს დებულება ჭეშმარიტი რჩება დიდი დროითი ინტერვალების დროსაც (12 საათი და მეტი, დრო, რომლის შუალედში ვირთხა იღებს ნივთიერებას და ავად ხდება). საბოლოოდ, განსხვავებით კლასიკურად განპირობებული ასოციაციებისაგან, რომლებიც საკმაოდ მყიფეა, გემოსთვის თავის არიდებით დასწავლა მყარი ხდება ერთი გამოცდილების შემდეგაც. კიდევ ერთხელ, იმისათვის, რომ გავიგოთ კლასიკური განპირობებულობის ნორმათა დარღვევები, უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ რაოდენ დრამატულად მოითხოვენ ეს მექანიზმები გადარჩენას. ჯონ გარსიამ, ფსიქოლოგმა, რომელმაც პირველად დააფიქსირა გემოსთვის თავის არიდებით დასწავლა ლაბორატორიაში და მისმა კოლეგამ, რობერტ კოლინგმა, ეს ფენომენი გამოიყენეს იმისათვის, რომ თვალსაჩინო გაეხადათ ცხოველების მზადყოფნა კონკრეტული ასოციაციების დასწავლისათვის. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი განპირობებული სტიმული- განუპირობებელი სტიმული კომბინაციები შეიძლება კლასიკურად იყოს განპირობებული ცხოველთა კონკრეტულ სახეობებში.
გარსიასა და კოლინგის (1966) ექსპერიმენტის პირველ ფაზაში ვირთხები ჯერ ეცნობოდნენ სიტუაციას, რომელშიც მილის ალოკვა იწვევდა სამ განპირობებულ სტიმულს: სახარინით შეზავებულ წყალს, ხმაურს და ძლიერ სინათლეს. მეორე ფაზაში, როცა ვირთხები მილს ლოკავდნენ, მათი ნახევარი იღებდა მხოლოდ ტკბილ წყალს, ხოლო მეორე ნახევარი – ხმაურს, სინათლესა და სუფთა წყალს. შემდეგ ორივე ჯგუფი დაიყო: თითოეული ჯგუფის ერთი ნახევარი მოხვდა ელექტრული შოკის ზემოქმედების ქვეშ, რაც ტკივილს იწვევდა, ხოლო მეორე ნახევარი კი რადიაციული დასხივების ქვეშ, რაც იწვევდა ავადმყოფობასა და გულისრევას. წყლის ის რაოდენობა, რომელიც ვირთხებმა პირველ ფაზაში დალიეს, შეადარეს მეორე ფაზაში დალეული წყლის რაოდენობას. რაოდენობა საგრძნობლად მცირდებოდა, როცა სურნელოვანი წყალი ასოცირდებოდა ავადმყოფობასთან (გემოს ავერსია) და როდესაც ხმაური და სინათლე ასოცირდებოდა ტკივილთან. თუმცა, ქცევაში მხოლოდ პატარა ცვლილება შეინიშნებოდა ორი სხვა პირობის შემთხვევაში: როცა სურნელი მოასწავებდა ტკივილს ან, როცა ძლიერი სინათლე, ხმაური და წყალი მოასწავებდა ავადმყოფობას (იხ. სურათი).
მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ვირთხებს აქვთ თანდაყოლილი უნარი, ასოციაცია დაამყარონ კონკრეტულ სტიმულსა და კონკრეტულ შედეგს შორის. განპირობებულობის ზოგიერთი ასპექტი, აქედან გამომდინარე, დამოკიდებულია არა მარტო სტიმულსა და ქცევას შორის კავშირზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ დისპოზიციას ავლენს ორგანიზმი გენეტიკურად ამ სტიმულის მიმართ მოცემულ გარემოში. ცხოველებს აქვთ მემკვიდრული კლასიფიკაცია იმ სტიმულებისა, რომელი შეიძლება მოასწავებდეს საფრთხეს და რომელი – ჯილდოს. ამიტომ ექპერიმენტატორები, რომლებიც ეცდებიან ამ პატერნების დარღვევას, ბევრს ვერაფერს მიაღწევენ.
მკვლევრებმა გემოს ავერსიით დასწავლის მექანიზმის პრაქტიკაში გადმოტანაც სცადეს. იმისათვის, რომ კოიოტებმა შეწყვიტონ ცხვრის ხოცვა, ჯონ გარსიამ და მისმა კოლეგებმა დააწყვეს ბატკნის ტოქსიკური ხორცი, რომელიც გახვეული იყო ცხვრის ტყავში. ტოქსიკური ხორცით კოიოტები დაავადდნენ და განუვითარდათ ზიზღი ბატკნის ხორცის მიმართ. ამის შემდეგ ცხვრის დანახვაზე ისინი შეტევის მაგივრად უკან იხევდნენ. გემოსთვის თავის არიდებით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ასპექტი თავს იჩენს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ვეღარ უძლებენ ჩვეულებრივ საკვებს ქიმიოთერაპიისა და მისგან გამოწვეული გულისრევის გამო.
ერთ-ერთ კვლევაში 22 ქალისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც დასმული ჰქონდა მკერდის კიბოს დიაგნოზი, გვიამბო საკუთარი კვებითი პრიორიტეტების შესახებ ქიმიოთერაპიის რვაკურსის განმავლობაში, რომელთა შორისაც შუალედი სამი კვირა იყო. ქალებმა ჩამოთვალეს ყველაფერი, რასაც ჭამდნენ 24 საათის მანძილზე. ისინი რანჟირებას უკეთებდნენ საკვებსა და სასმელს 1-დან (ძალიან არმოწონება) 9-მდე (ძალიან მოწონება). მკვლევრები ავერსიის გამოვლენას მაშინ აღიარებდნენ, თუკი საკვების შეფასება 4 ქულით დაეცემოდა. აღმოჩნდა, რომ ქალების 46%-სგან უვითარდა ავერსია, სულ მცირე, ერთი საკვების მიმართ. თუმცა, ავერსიები, რომლებიც ჩნდებოდა თერაპიის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხანმოკლე იყო. ცხადი გახდა, რომ ვირთხებისაგან განსხვავებით, პაციენტები არჩევდნენ, რომ გულისრევა თერაპიის შედეგი იყო და არა საკვებისა, რომლის შემდგომი გა სინჯვისას განპირობებული ავერსია ქრებოდა (Jacobsen et al., 1993).
იმის გარკვევით, რომ ავერსია შეიძლება კლასიკურად იყოს განპირობებული, მკვლევრებს შეუძლიათ, შეიმუშავონ ამის შესამცირებელი საშუალებები. მაგალითად, კიბოთი დაავადებულ ბავშვებს საკვები ქიმიოთერაპიამდე მიაწოდეს. ამასთან, მიწოდებულ კანფეტებს ან ნაყინს სრულიად სპეციფიკური სურნელი ჰქონდა ანუ ავერსია სწორედ ამ სურნელის მიმართ ყალიბდებოდა. ამგვარად, ბავშვებს შეეძლოთ, კვლავაც ეჭამათ საყვარელი სურნელის მქონე კანფეტი ან ნაყინი. მკვლევრებმა აღმოაჩინეს სხვა ასპექტებიც პაციენტებში, რაც კლასიკურადაა განპირობებული. ბევრ პაციენტს გულისრევა ეწყებოდა ქიმიოთერაპიის სეანსის დაწყებამდე. ის გარემო და განწყობა, რომელშიც ისინი მკურნალობდნენ, განპირობებულ სტიმულად იქცა (Tomoyasu et. al., 1996). ამგვარი ეფექტების საფუძვლების გაანალიზება მკვლევრებს მკურნალობის მეთოდიკის შემუშავების საშუალებას აძლევს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Garcia, J., & Koelling, R. A. (1966). The relation of cue to consequence in avoidance learning. Psychonomic Science, 4, 123-124.
Jacobsen, P. B., Bovbjerg, D. H., Schwartz, M. D., Andrykowski, M. A., Futterman, A. D., Gilewski, T., Norton,L., & Redd, W. H. (1993). Formation of food aversionsin cancerpatients receiving repeated infusions of chemotherapy. Behavior Research and Therapy, 31, 739-748.
Tomoyasu, N., Bovbjerd, D. H., & Jacobsen, P. B. (1996). Conditioned reactions to cancer chemotherapy: Percent reinforcement predicts anticipatory nausea. Physiology and Behavior, 59, 273-276.