განპირობებული სტიმულის ავტომატური განვრცობა ყველა იმ მსგავს სტიმულზე,რომელიც არ ყოფილა შეწყვილებული განუპირობებელ სტიმულთან.
დავუშვათ, ძაღლმა ისწავლა, რომ გარკვეული სიხშირის ზარის ხმა ნიშნავს საკვების მიღებას. სპეციფიკურია თუ არა ძაღლის რეაქცია მხოლოდ ამ სტიმულის მიმართ? არაა გასაკვირი, მაგრამ ამ კითხვის პასუხია „არა“. ზოგადად, რადგან ერთხელ განსაზღვრულმა განპირობებულმა სტიმულმა გამოიწვია განსაზღვრული განპირობებული რეაქცია, მსგავსმა სტიმულმა შეიძლება იმავე წარმატებით გამოიწვიოს მსგავსი რეაქცია. მაგალითად, თუ განპირობებულობა დაკავშირებული იყო მაღალი სიხშირის მქონე ზართან, დაბალი სიხშირეც გამოიწვევდა განპირობებულ რეაქციას. ბავშვს, რომელსაც უკბენს დიდი ძაღლი, ამ შემთხვევის შემდეგ პატარა ძაღლებისაც შეეშინდება. სწორედ ამ ავტომატურ დაწყვილებას უწოდებენ გენერალიზაციას ანუ განზოგადებას. რაც უფრო მიმსგავსებულია მოცემული სტიმული საწყის განპირობებულ სტიმულთან, მით უფრო ძლიერი იქნება რეაქცია. როცა რეაქციის სიძლიერე იზომება მოცემულ განზომილებაში ყოველი შემთხვევისათვის, ცხადი ხდება გენერალიზაციის გრადიენტი (იხ. სურათი). გენერალიზაციის გრადიენტის არსებობამ თავად უნდა გვიკარნახოს კლასიკური განპირობებულობის მექანიზმი ყოველდღიურ გამოცდილებაში. რადგან მნიშვნელოვანი სტიმული ბუნებაში იშვიათად ვლინდება ზუსტად ერთი და იმავე ფორმით, სტიმულის განზოგადების ფაქტორი აფართოებს დასწავლის სპექტრს საწყისი გამოცდილების მიღმაც. ამგვარად, ახალი მოვლენა შიეძლება, აღვიქვათ როგორც იმავე შინაარსის ან ქცევითი მნიშვნელობის მქონედ, მიუხედავად აშკარა განსხვავებებისა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.