სოციალური განვითარება

Social Development

სოციალური განვითარება არის გზა, რომლითაც იცვლება ინდივიდის სოციალური ურთიერთობები და მოლოდინები ცხოვრების მანძილზე. ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებასთან ერთად პიროვნება სოციალური განვითარების პროცესსაც გადის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინდივიდის გარემოში არსებული სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ განვითარების პროცესზე და ცხოვრების თითოეულ ეტაპს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოწვევებითა და განმამტკიცებლებით უზრუნველყოფენ.

ეკონომიკური გაჭირვება, თავსმოხვეული კულტურული გავლენები, სოციუმში არსებული სტრუქტურული უთანასწორობები და სხვა, მსგავსი ფაქტორები ხშირად „ჩვეულებრივისა“ და „საშუალოსგან“ განსხვავებულ პოზიციაში აყენებენ ინდივიდებს. მაგალითად, აფროამერიკელი მოხუცი ქალის მდგომარეობა სოციუმში, ხშრად გაცილებით არასახარბიელოა, ვიდრე იმავე ასაკის თეთრკანიანი მამაკაცის, რაც შეუძლებელს ხდის ჰომოგენური ინტერპრეტირების შესაძლებლობას.

სოციალური განვითარება ბავშვობაში სხვა ადამიანებთან შინაარსიანი და ეფექტური ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებული. ბავშვობის ასაკში სოციალური განვითარების პერიოდში პიროვნების ღირებულებები, სტანდარტები, უნარები, განწყობები, ქცევის პატერნები და მოტივები იწყებენ ფორმირებას და ცდილობენ შესაბამისობაში მოვიდნენ არსებულ საზოგადოებასტან. ბავშვობის ეტაპზე სოციალური განვითარებისა და სოციალიზაციის მთავარ მარეგულირებელს ოჯახი და მშობლები წარმოადენენ.

მოზარდობის ეტაპზე, სოციალური განვითარება სხვა საფეხურზე გადადის.  მოზარდები თანდათან ცდილობენ საკუთარი განვითარებადი იდენტობის სოციალური კომპონენტი განსაზღვრონ და ჩამოყალიბდნენ, როგორი ადამიანები სურთ, რომ იყვნენ და როგორი ურთიერთობები უნდათ, რომ ჰქონდეთ სოციალურ გარემოსთან. ამ ეტაპზე, როგორც წესი,  მშობლების გავლენას თანატოლების გავლენა ენაცვლება.

მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, თითქმის ყველა თეორეტიკოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოზრდილობის პერიოდში, ინდივიდის სოციალური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები. ზოგიერთ თეორია ამას აფილაციის  მოთხოვნილებას მიაწერს, სხვები კი ამ ფენომენს სოციალური მიღწევის ან კომპეტენტურობის მოთხოვნილებას უწოდებენ.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულ ასაკში სოციალური განვითარება და ურთიერთობები განსხვავებულ ტრაექტორიას მიუყვება, რაც სოციალური წრის შემცირებასა და სელექციურობაში გამოიხატება. სელექციური სოციალური ურთიერთობების თეორია სწორედ ამ მოვლენების ახსნას ცდილობს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: