განწყობა ეწოდება შინაგან მზაობას რაიმე ქცევის განსახორციელებლად, რომლის დროსაც ხდება საჭირო უნარების გააქტიურება და მობილიზება, ფსიქიკის გადაწყობა, რათა ინდივიდმა საჭირო ქცევის განხორციელება მოახერხოს.
განწყობის თეორიის ავტორი დიმიტრი უზნაძეა, რომელმაც ეს თეორია ქცევის მიზანშეწონილობის ასახსნელად შეიმუშავა. განწყობა რამდენიმე ფაქტორისგან შედგება, ესენია: სუბიექტური მოთხოვნილება - S - ანუ ის, თუ რისი დანაკლისი აქვს ორგანიზმს, რა სურს და ობიექტური გარემო - O - რომელიც ორგანიზმის უშუალო, ობიექტურ გარემოს გულისხმობს. მოგვიანებით, შოთა ნადირაშვილმა, ასევე გამოყო მესამე ფაქტორი - F - იგივე ოპერაციული შესაძლებლობები. აქ მოიაზრება ის უნარები და ფუნქციური შესაძლებლობები, რომლებიც აქვს ან არა აქვს ინდივიდს მიზნის მისაღწევად.
განწყობის რამდენიმე სახეობა არსებობს. სიტუაციური - ანუ ერთჯერადი განწყობა იმით გამოირჩევა, რომ არ არის მდგრადი და სიტუაციურად არის განპირობებული. სიტუაციური განწყობა გარკვეულ სიტუაციასა და კონტექსტში ყალიბდება და მისი განმაპირობებელი კონკრეტული მოთხოვნილების გაჩენაა.
ფიქსირებული განწყობა უფრო ნაკლებად არის კონკრეტული საჭიროებებით გამოწვეული. ის სტაბილურობითა და დროში გამძელობით ხასიათდება. ფიქსირებული განწყობა შეიძლება განვიხილოთ როგორც დაფიქსირებული, ორგანიზმში გამჯდარი განწყობა, რომელიც რამდენჯერმე განმეორების ან პიროვნებისათვის ერთჯერადი, მნიშვნელოვანი გავლენის შედეგად ყალიბდება. ამ ტიპის განწყობის გასააქტიურებლად გარემოდან წამოსული სტიმულაციია საჭირო.
დისპოზიციური განწყობის შემთხვევაში, სიტუაციური განწყობა გარდაიქმნება დისპოზიციად. თუ ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება, განახორციელოს ქცევა და თავად ეძებს შესაბამის სიტუაციასა და გარემოს, რომელშიც მოახერხებს ქცევის რეალიზებას, ე.ი. სახეზეა თვითსტიმულაცია. ასეთ შემთხვევაში, პიროვნება თავად აღძრავს საკუთარ თავს.
განწყობის თეორიის მიხედვით, გამოყოფილია განწყობის სხვადასხვა განზომილება. დინამიკური განწყობის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ფიქსირებული განწყობა ქრება, პიროვნება აღწევს ადეკვატურ აღქმას. სტატიკური ტიპი კი ვერ ახერხებს ფიქსირებული განწყობის ტყვეობიდან გამოსვლას, რადგან შემუშავებული განწყობა იმდენად უძრავი და ინერტულია, რომ შეუძლებელი ხდება ადეკვატური განწყობის ჩამოყალიბება.
იმის მიუხედავად, სტატიკურია განწყობა თუ დინამიკური, შესაძლოა პლასტიკურობა ახასიათებდეს. არის შემთხვევები, როცა ცდების განმეორებითი ზემოქმედების გამო, განწყობა თანდათან სუსტდება, ხოლო საბოლოოდ რომელიმე ტიპზე ჩერდება (სტატიკური განწყობა) ან ყველა ფაზის გავლის შემდეგ მთლიანად ქრება (დინამიკური განწყობა). ორივე შემთხვევაში პლასტიკურ განწყობასთან გვაქვს საქმე.
განწყობის თეორიის მიხედვით, ფსიქიკურ აქტივობას ორი დონე აქვს. პირველ დონეზე, მოცემულია ყველა ფაქტორი, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური და ფუნქციური, რათა განხორციელდეს ქცევა. შესაბამისად, განწყობის ფორმირება აზროვნებისა და ნებელობის აქტივაციის გარეშე ხდება და უშუალოდ ქცევის განხორციელებაზე გადადის.
ფსიქიკური აქტივობის მეორე დონეზე, როცა რომელიმე ფაქტორის არარსებობის გამო ქცევა ფერხდება, იმისთვის, რომ დანაკლისი ანაზღაურდეს და ქცევა განხორციელდეს, აზროვნებისა და ნებელობითი პროცესები აქტიურდება. აქტივობის ამ დონეზე სახეზეა ისეთი ფენომენი, როგორიცაა ობიექტივაცია. ობიექტივაცია ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც სიტუაციიდან ამორთვა და ხელისშემშლელი ფაქტორების გაცნობიერება ხდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
უზნაძე, დ. (1949). განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, „ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 6.