მოგონების მიმანიშნებლები

Retrieval Cues

შიგნიდან ან გარედან მომდინარე სტიმულები, რომლებიც მეხსიერებაში გარკვეული ინფორმაციის მოძებნაში გვეხმარებიან.

ეს მიმანიშნებელი შეიძლება მოდიოდეს გარემოდან, როგორც, ვთქვათ, პროვოკაციული კითხვები („მეხსიერების რომელ პრინციპებს დაუკავშირებდით სპერლინგის და შტენბერგის კვლევებს?“) ან, შეიძლება, თვითონ შექმნათ („სად მინახავს იგი ადრე?“). თქვენ ყოველთვის ცდილობთ, ექსპლიციტურად გაიხსენოთ. ამას გარკვეული მიზნით აკეთებთ და ამ მიზანს ხშირად მოგონების მიმანიშნებლის საშუალებით აღწევთ. ადვილი იქნება გახსენება თუ ძნელი, დამოკიდებულია მიმანიშნებელზე. თუ მეგობარი გკითხავთ, „ვინ არის ის იმპერატორი, ვერ ვიგონებ?“ თქვენ უნდა გამოიცნოთ ვის გულისხმობს (ფაქტობრივად, ეს გამოცნობანას თამაში იქნება, მაგრამ თუ იკითხავს: „ვინ იყო კლაუდიუსის შემდეგ იმპერატორი?“ ამ კითხვაზე თქვენ მაშინვე უპასუხებთ – „ნერონი“.

მაგალითად, გთხოვთ, გაიმეოროთ და დაიმახსოვროთ სიტყვათა რამდენიმე წყვილი მანამ, სანამ ექვსივეს სამჯერ უშეცდომოდ ზეპირად არ იტყვით. ეს წყვილებია: ვაშლი-ნავი, ქუდი-ძვალი, ველოსიპედი-საათი, თაგვი-ხე, ბურთი-სახლი, ყური-საბანი. გარკვეული დროის გასვლისა და სხვა თემაზე საუბრის შემდეგ ისევ გაძლევთ ამ წყვილებს, ოღონდ არეულად და გეკითხებით, რომელია მათგან სწორი: ქუდი-საათი, ყური-ნავი, ქუდი-ძვალი, ყური-საბანი.

ახლა თქვენ უნდა იცნოთ არა სწორედ ის სიტყვა, რომელიც ადრე ნახეთ, არამედ მისი შესაბამისი კონტექსტიც ანუ დაასრულეთ სიტყვათა წყვილი: ქუდი-? ველოსიპედი-? ყური-? აქ მოცემული სიტყვის მიხედვით (მანიშნებლით) უნდა მოიგონოთ წყვილის მეორე სიტყვა, მაგრამ თუ მოგცემთ ჩამონათვალს: ვაშლი-ბავშვი, თაგვი-ხე, ბურთი-სახლი, ბურთი-მთა, ვაშლი-ბოთლი, თაგვი-კარავი და გთხოვთ, ამოიცნოთ თავდაპირველად დასახელებული წყვილი, მაშინ მოგონების მიმანიშნებელი სრულად იქნება წარმოდგენილი წყვილის სახით და თქვენ მხოლოდ მისი ცნობა გევალებათ. უმრავლეს შემთხვევაში თქვენი ცნობის შედეგები უკეთესი იქნება, ვიდრე მოგონების, რადგან მოგონების მიმანიშნებლები ცნობის შემთხვევაში უფრო მიზანმიმართულია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: