მეხსიერების კონკრეტული რეპრეზენტაციების არარსებობის პირობებში შენახული ცოდნის ზოგად ტიპებზე დაყრდნობით ინფორმაციის ერთად განლაგების პროცესი.
თუ ადამიანები ზოგჯერ ცოდნის ზოგიერთი ასპექტის რეკონსტრუქციას ახდენენ ზუსტი მონაცემების აღდგენის ნაცვლად, მაშინ მოსალოდნელია,აღმოვაჩინოთ შემთხვევები, როცა რეკონსტრუირებული მოგონების ფაქტები განსხვავებულ იქნება რეალური სურათისგან ანუ მეხსიერების შეცდომები გვექნება. მეხსიერების შეცდომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დემონსტრაცია საკმაოდ ძველია. კლასიკურ ნაშრომში „მოგონება: ექსპერიმენტულიდა სოციალური ფსიქოლოგიის გამოკვლევები“ (1932), სერ ფრედერიკ ბარტლეტი იკვლევდა, როგორ მოქმედებს წარსული გამოცდილება ახლადშეძენილი ინფორმაციის მოგონებაზე.ბარტლეტი სტუდენტებს სთხოვდა, დაემახსოვრებინათ განსხვავებული კულტურის თქმულებები და ლეგენდები.ყველაზე ცნობილია მისი მასალა „სულების ბრძოლა“.
ბარტლეტმა აღმოაჩინა, რომ მისი სტუდენტების მიერ გახსენებული შინაარსი განსხვავდებოდა ორიგინალისგან ანუ იმისგან, რასაც აწვდიდნენ დასამახსოვრებლად.შინაარსის დამახინჯება სამი სახის რეკონსტრუქციულ პროცესს მოიცავდა: (ა) დონის დაწევას ანუ მოთხრობის გამარტივებას; (ბ) გამოკვეთას ანუ გარკვეული დეტალების განსაკუთრებულად გაშუქებას; (გ) ასიმილაციას ანუ დეტალების ისე შეცვლას, რომისინი უკეთეს შესაბამისობაში მოსულიყვნენ საკუთარ ცოდნასთან. ამრიგად, ცდის პირები იხსენებდნენ მოთხრობასდა მათთვის უცნობ სიტყვებს თავიანთი კულტურისთვის ჩვეული სიტყვებით ცვლიდნენ: ნავი კანოეს ნაცვლად, თევზაობა სელაპებზე ნადირობის მაგივრად. ბარტლეტის ცდის პირები, ასევე, ხშირად ცვლიდნენ მოთხრობის შინაარსსაც, რათა შეემცირებინათ ზებუნებრივი ძალების შესახებ ფრაზები, რომელებიც მათი კულტურისთვის არ იყო დამახასიათებელი.
მიყვნენ რა ბარტლეტის კვალს, თანამედროვე მკვლევრებმა შეისწავლეს მეხსიერების დარღვევების მრავალფეროვნება, რომლებიც ხდება მოგონების კონსტრუქციული პროცესების გამოყენების დროს. მაგალითად, მკვლევართა ერთმა ჯგუფმა გამოავლინა კანონზომიერება,რომელსაც „საპნის ოპერის“ ეფექტი უწოდა. ერთი ეპიზოდი ამ კვლევის მასალიდან:
ნენსი მივიდა კოქტეილის წვეულებაზე. მან მიმოიხედა ოთახში, რათა იქ მყოფნი შეეთვალიერებინა.იგი სასაუბროდ მიუახლოვდა თავის პროფესორს. მან იცოდა, რაც უნდა ეთქვა მისთვის, მაგრამ ნერვიულობდა ამაზე. სტუმართა ერთმა ჯგუფმა შარადების თამაში დაიწყო.ნენსი ზევით ავიდა ცოტა მოსამაგრებლად.კონიაკი კი კარგი იყო, მაგრამ მას არ აინტერესებდა,რაზე საუბრობდა იქ სტუმრების ნაწილი. ცოტა ხნის შემდეგ, საკმარისიაო,გადაწყვიტა მან და დატოვა წვეულება.
ახლა წარმოიდგინეთ როგორ განსხვავებულად აღიქვამთ ამ ნაწყვეტს ცდის პირთა იმ მცირე ჯგუფში რომ აღმოჩნდეთ, რომლებმაც მანამდე შემდეგი შესავალი წაიკითხეს: „ნენსიმ გაღვიძებისას ისევ სისუსტე იგრძნო და გაუკვირდა, მართლა ფეხმძიმედ იყო თუ არა. როგორ უნდა უთხრას პროფესორს, რაც დაინახა?“
ახლა ხელახლა მიუბრუნდით პირველ ნაწყვეტს და ხელახლა წაიკითხეთ. ცდის პირებისათვის ამ წინასიტყვაობის არსებობას თუ არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი მეხსიერებისათვის. როდესაც სთხოვთ, მოიგონონ შინაარსი ან იცნონ ნაწყვეტები, ისინი, რომელთაც წაკითხული აქვთ შესავალიც და, აქედან გამომდინარე, თავში მოსდით „არასასურველი ფეხმძიმობის“ სქემა, უფრო მეტად იმას აღადგენენ ან იცნობენ, რომელიც ნენსის ფეხმძიმობას უკავშირდება. ცდის პირთა მიერ სქემის გამოყენება იწვევს შინაარსის შესაბამის და მოსალოდნელ დამახინჯებას.
ფაქტობრივად, ადამიანებს უმრავლეს შემთხვევაში გარკვეული ეპიზოდის დეტალების აღდგენა არც კი გვჭირდება, რადგან მოვლენათა არსის აღდგენა რეკონსტრუქციითაც მშვენივრად ხერხდება. ერთ-ერთ კვლევაში ცდის პირებს აჩვენებდნენ წუთ-ნახევარი ხანგრძლიობის სცენას ვიდეოფილმიდან და სთხოვდნენ დაემახსოვრებინათ დიალოგი ამ ნაწყვეტიდან. მათ 45 წუთი ეძლეოდათ, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს საკმაოდ ზუსტად აღედგინა დიალოგის ტექსტი. ცდის პირები ორ ჯგუფად გაყვეს. თითოეულ სტუდენტს დიალოგის შინაარსი სხვა სტუდენტისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ ერთ ჯგუფს სთხოვდნენ ეს მოთხრობა მაქსიმალურად ზუსტი ყოფილიყო (ტექსტთან ახლოს), ხოლო, მეორე ჯგუფს კი სთხოვდნენ, რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო მათი მონათხრობი. ის ცდის პირები, რომლებსაც მაქსიმალური სიზუსტით აღდგენის ინსტრუქცია ჰქონდათ, 99%-ით, სიტყვა-სიტყვით აღადგენდნენ დიალოგს მაშინ, როცა მეორე ჯგუფის ცდის პირებმა დიალოგის მხოლოდ 62% აღადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის წევრებმა დიალოგის ტექსტი ძალიან კარგად დაიმახსოვრეს, მეორე ჯგუფმა, უბრალოდ, არჩია, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ყველაფერს არ უამბობდა სხვას.
ეს შედეგი გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის ზუსტად აღდგენაზე დახარჯული ძალისხმევა გარემოებებზეა დამოკიდებული. თუ თვლით, რომ ვალდებული ხართ, ზუსტად მოიგონოთ რა მოხდა, თქვენ ამას გააკეთებთ: ობიექტურ მონაცემს წარადგენთ ან აღიარებთ და იტყვით, რომ არ გახსოვთ. ზოგიერთ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მართლაც, საკმარისია იმის უბრალო რეკონსტრუქცია, რაც მოხდა ანუ მეტ-ნაკლებად ზუსტი აღდგენა. ეს თქვენი გადასაწყვეტია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.