ფემინისტური ფსიქოლოგია ტრადიციულ, მეინსტრიმ ფსიქოლოგიას აკრიტიკებს, როგორც პატრიარქალური დისკურსის ჩარჩოებში მყოფს და ქალის ჩაგვრისა და დისკრიმინაციის თანამონაწილეს, თვითონ კი ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
ფემინისტურმა ფსიქოლოგიამ ძალა 60-იან წლებში, ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღის გაძლიერებისას მოიკრიბა. მეინსტრიმ ფსიქოლოგია აქტიურად უპირისპირდებოდა ფემინისტურ ფსიქოლოგიას და ეჭვქვეშ აყენებდა მის ვალიდურობას იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ფემინისტურ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული. ხოლო ფემინისტების მტკიცებით, მეინსტრიმული ფსიქოლოგიური თეორიები ქალების გამოცდილებას უგულებელყოფს და მამაკაცურ სტანდარტებს უნივერსალურ ნორმასთან აიგივებს. ამდენად, ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, არასანდო მონაცემებზეა დაფუძნებული, რადგან მათი შეგროვებისას არ ითვალისწინებენ ადამიანთა ქცევაზე გენდერის გავლენას. ფემინისტების აზრით, ფსიქოლოგიური თეორიები არა უბრალოდ არასანდო მონაცემებზეა დაფუძნებული, არამედ ქალებისთვის ზიანის მომტანიცაა, რადგან საზოგადოებაში ისედაც მყარად ფესვგადგმული სექსისტური წინასწარგანწყობების კიდევ უფრო განმტკიცებას ემსახურება. გარდა ამისა, ის პასუხისმგებლობას ინდივიდებს აკისრებს და არ ითვალისწინებს საზოგადოების როლს, რომელიც მამაკაცის ძალაუფლებაზეა მორგებული.
ფემინისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ინტერნალიზებულ სექსიზმს სწავლობს, აკრიტიკებს მეინსტრიმ ფსიქოლოგიის მიერ ქალის მეორეხარისხოვან ფიგურად წარმოჩენას და ამტიცებს, რომ საზოგადოებაში ქალის ასეთი როლი განპირობებულია არა თავად ქალის არსებითი მახასიათებლებით, არამედ პატრიარქალური საზოგადოების მიერ ქალის ჩაგვრით და სოციალიზაციის იმ გზით, რომელსაც ის ამ სისტემაში გადის.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ხშირად ვხვდებით ქალის მიერ სექსიზმის ინტერნალიზებას, რაც იმას გულისხმობს, რომ გარე სოციუმთან ერთად, თვითონ ქალის თვითშეფასება და საკუთარი როლისა და შესაძლებლობების აღქმა უქმნის მას წინაღობებს წარმატების მიღწევაში. ამ საკითხს მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მარტინა ჰორნერი იკვლევდა. მისი კვლევის შედეგების მიხედვით, სისტემური ჩაგვრის შედეგად ქალებში ჩამოყალიბებულია წარმატების შიში, რაც მათთვის პროფესიულ კარიერაში წინსვლის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია.
ფემინისტური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განშტოება, საპირისპიროდ ტრადიციული ფსიქოლოგიის მიერ მხოლოდ მამაკაცთა გამოცდილებაზე კონცენტრირებისა, მიზნად ისახავს კვლევებში ქალთა და გოგონათა ხმების გაჟღერებას და მათი ინდივიდუალური და უნიკალური გამოცდილების წინა პლანზე წამოწევას.
იხილეთ, აგრეთვე: ფსიქოანალიზური ფემინიზმი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Hare-Mustin, R.T. and Marecek, J. (1994) Asking the Right Questions, Feminism and Psychology 4 (3)
Horner, M.S. (1972) Toward an Understanding of Achievement-Related Conflicts in Women, Journal of Social Issues 28, pp. 157-176
Tavris, C. (1992) The Mismeasure of Woman, New York, Touchstone.
Weisstein, N. (1993) Psychology Constructs the Female, Feminism and Psychology 3 (2), pp. 195-210
Wilkinson, S. (1991) Feminism and Psychology, Feminism and Psychology 1 (1), pp. 5-18
Wilkinson, S. (ed.) (1996) Feminist Social Psychologies, Buckingham, England and Philadelphia, PA, Open University Press.