ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychological Well-being

იგივე სუბიექტური კარგად ყოფნა პოზიტიური ფსიქოლოგიის მდგენელია და უპასუხებს კითხვაზე, რას იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად არის კარგად.

მეოცე საუკუნის კლასიკოსების ნაშრომებში მრავლად არის მინიშნება და საუბარი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ამათუიმ ასპექტზე, თუმცა არსად არის ინტეგრირებული და ერთიანი კონცეფცია წარმოდგენილი, იქნება ეს ერიკსონისეული ფსიქოსოციალური სტადიები, ბაჰლერის ბაზისური ცხოვრებისეული ტენდენციები თუ ნიუგარტენის პიროვნული ცვლილებები. ყველა ამ მიდგომაში კეთილდღეობა (wellness) ცხოვრების მანძილზე უწყვეტი ზრდის ტრაექტორიით აღიწერება. კლინიკური ფსიქოლოგები კიდევ უფრო დეტალურად აღწერდნენ კარგად ყოფნას, მაგალითად, მასლოუს თვითაქტუალიზაციის ცნება, მოწიფულობის ოლპორტისეული ფორმულირება, როჯერსის სრულად ფუნქციონირებადი პიროვნება და იუნგისეული ინდივიდუაცია.

ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის კვლევა 1970-იანი წლებიდან დაიწყო და პოზიტიური ფუნქციონირების ორი ძირითადი მოდელის ფარგლებში ვითარდებოდა. ერთი ტრადიციის საწყისებს ბრადბურნის ეპოქალურ ნაშრომში შეიძლება მივაკვლიოთ, რომელშიც ერთმანეთისგან არის გამიჯნული პოზიტიური და ნეგატიური აფექტი, ხოლო ბედნიერება ამ ორი ტიპის აფექტს შორის ბალანსის მდგომარეობად მიიჩნევა. მეორე მოდელი მეტად პოპულარული იყო სოციოლოგებს შორის, რომლის მიხედვითაც ცხოვრებით კმაყოფილება კარგად ყოფნაზე მიუთითებდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო კოგნიტური კომპონენტზე და ცხოვრებით კმაყოფილება ბედნიერების თანმხლებად მოიაზრებოდა, თავად ბედნიერება კი პოზიტიური ფუნქციონირების მეტად აფექტური მდგენელი იყო.

ფსიქოლოგიური ან სუბიექტური კარგად ყოფნა მრავალმხრივი კონცეფციაა, რომელშიც სამი ასპექტი შეიძლება გამოიყოს: (ა) შეფასებითი კარგად ყოფნა მოიცავს გლობალურ შეფასებებს იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ადამინები თავიანთ ცხოვრებას. სხვა სიტყვებით, ეს არის მათი ცხოვრებით კმაყოფილება. (ბ) აფექტური ან ჰედონისტური კარგად ყოფნა, რომელიც მოიცავს ისეთი გრძნობების გაზომვას, როგორებიცაა ბედნიერება, მწუხარება და სიამოვნება. არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ პოზიტიური და ნეგატიური ინდიკატორები, უბრალოდ, ურთიერთსაპირისპირო კი არ არის, არამედ ორივე ღირებული ინფორმაციის მატარებელია. (გ) ევდემონისტური კარგად ყოფნა, რომელიც ფოკუსირდება პიროვნების ცხოვრების მნიშვნელოვნების შესახებ არსებულ მსჯელობებზე და ისეთ კონსტრუქტებს აფასებს, როგორებიცაა ავტონომია და კონტროლი.

როგორც რიფი (2014) ამტკიცებს, რომ ყველა მანამდე არსებული მოდელი, მიუხედავად არსებული ნაკლოვანებებისა, გაცილებით ეკონომიურ მოსაზრებაში უნდა ინტეგრირდეს. იგი თვლის, რომ ყველა აღნიშნული მიმართულება თუ ავტორი, დიდწილად, მსგავს კონსტრუქტზე საუბრობს. XX საუკუნის ბოლო ათწლეულში გამოჩნდა ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მრავალგანზომილებიანი მოდელი, რომელიც კაროლ რიფს (1989, 1995, 2014) ეკუთვნის. განზომილებები, რომლებზეც რიფი საუბრობს, ერთბლიობაში მოიცავენ კეთილდღეობის (wellness) მთელ დიაპაზონს, რომელშიც შედის საკუთარი თავისა და წარსული ცხოვრების დადებითი შეფასებები, უწყვეტი პიროვნული ზრდისა და განვითარების განცდა, საკუთარი ცხოვრების მიზანმიმართულობისა და საზრისის რწმენა, სხვებთან ხარისხიანი ურთერთობები, საკუთარი ცხოვრებისა და გარე სამყაროს ეფექტიანად მართვის უნარი და თვითდეტერმინაციის განცდა.

ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის რიფის მიერ შემოთავაზებული მრავალგანზომილებიანი მოდელი ექვსი მდგენელისგან ანუ განზომილებისგნა შედგება: (1) ავტონომია, რომელიც გულისხმობს თვითდეტერმინაციასა და დამოუკიდებლობას, სოციალური ზეწოლებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, ქცევის რგულაციასა და საკუთარი თავის პირადი სტანდარტებით შეფასებას; (2) გარემოს ფლობაში მოიაზრება გარემოს მართვის კომპეტენციების ქონა, გარეგანი აქტივობების ფართო სპექტრის კონტროლის უნარი, არსებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება და ისეთი კონტექსტების შერჩევისა და შექმნის უნარ-ჩვევები, რომლებიც ინდივიდის პიროვნულ მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს შეესაბამება. (3) პიროვნული ზრდა მოიაზრებს უწყვეტ განვითარებას, როცა ინდივიდის საკუთარ თავს მზარდ და ახალი გამოცდილებისადმი ღია პიროვნებად აღიქვამს. დარწმუნებულია, რომ შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ხედავს საკუთარ თავსა და ქცევაში უკეთესობისკენ სვლას. (4) დადებითი უერთიერთობები სხვებთან მოიცავს სხვა ადამიანებთან დამაკმაყოფილებელი, მიმდნობი ურთიერთობების ქონას, სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვას და ძლიერი ემპათიის, ემოციური მიჯაჭვულობისა და ინტიმურობის განცდის უნარს, კარგად ესმის ადამიანური ურთიერთობების ორმხრივი ბუნება. (5) მიზანი ცხოვრებაში არის განზომილება, რომელიც აერთიანებს მიმართულობისა და მიზნის არსებობის განცდას, წარსული და აწმყო ცხოვრების საზრისის ხედვას; რწმენას, რომ ცხოვრებას აქვს აზრი. (6) საკუთარი თავის მიღება გულისხმობს საკუთარი თავისადმი დადებით დამოკიდებულებას, საკუთარი მეს სხვადასხვა ასპექტის არსებობასა და მიღებას, კარგი და ცუდი თვისებების ჩათვლით; ზოგადად, საკუთარი წარსულისადმი დადებით დამოკიდებულებას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Khechuashvili, L. (2014a). Cross Cultural Adaptation of Posttraumatic Growth Inventory and Psychological Well-Being ScaInveles for Georgia Population. GESJ:Education Sciences and Psychology // 2014 | No.4(30), pp. 53-64 (http://gesj.internet- academy.org.ge/download.php?id=2337.pdf)

Ryff, C. D. (1989). Happiness Is Everything, or Is It? Explorations on the Meaning of Psychological Well-Being. Journal of Personality and Social Psychology, Vol. 37, No. 6, 1069-1081.

Ryff, C.D. (1995). Psychological Well-Being in Adult Life. . APA Publications, Cambridge University Press, 99-103.

Ryff, C. D. (2014). Psychological Well-Being Revisited: Advances in the Science and Practice of Eudaimonia. Psychotherapy and Psychosomatics, 83, 10-28.

კატეგორია: 
ავტორები: