პრაიმინგი ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც იმპლიციტური მეხსიერების შეფასებისას უპირატესობა ადრე გაგონილ სიტყვას ან ნანახ სიტუაცის ენიჭება. ეს არის ცვლილება, რომელიც წარსული გამოცდილების გავლენით ვლინდება და პიროვნებას მასზე კონტროლი არ გააჩნია. პრაიმინგი ინდივიდის ნებისგან დამოუკიდებლად და ცნობიერების ჩარევის გარეშე ხორციელდება.
პრაიმინგი შესაძლოა აღმოცენდეს მაშინ, როცა ერთი სიტყვა დაკავშირებულია მეორესთან. მეიერმა და შვანდეველდტმა აჩვენეს, რომ ერთ სიტყვას შეუძლია ფასილიტირება (პრაიმინგი) გაუწიოს მომდევნო სიტყვის გადამუშავებას და ამოცნობას. მაგალითად, სიტყვა ექთანი ფალისიტირებას უწევს სიტყვა ექიმის გახსნებას. თუმცა არა პურის. ამ ეფექტს ასოციაციური პრაიმინგი ეწოდება და შესაძლოა სიტყვებს შორის წმინდად სემანტიკური კავშირების შედეგად აღმოცენდეს ან იმიტომ, რომ კონკრეტული სიტყვები ხშირად გამოიყენება ერთად და ამ გზით არიან ერთმანეთთან ასოცირებულები. კვლევები ადასტურებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერიმენტულად მანიპულირებული პრაიმინგის შედეგი ერთ კვირაზე მეტ ხანსაც ნარჩუნდება.
პრაიმინგის ეფექტი, რომელიც ემპირიულად დასტურდება, კოგნიტურ ფსიქოლოგიაში კონექციონისტური პერსპექტივის მხარდასაჭერად გამოიყენება. ამ მოდელის მიხედვით, ცოდნის რეპრეზენტაცია კვანძების მრავალრიცხოვანი ქსელის გააქტიურებასთან არის დაკავშირებული. ერთი კვანძის აქტივაცია მასთან დაკავიშრებული სხვა კვანძის აქტივაციას იწვევს. პრაიმინგის ეფექტი კი ორი კვანძის ერთმანეთთან აქტივირების გზით დაკავშირების შედეგად მიიღება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
წერეთელი, მ. (2012) კოგნიტური ფსიქოლოგია1 - ყურადღება, აღქმა, მეხსიერება. თსუ, თბილისი.