აღნიშნულ ტერმინში იგულისხმება დისტანცია, რომელიც ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში მის უმაღლეს და უმდაბლეს წარმომადგენელს შორის არსებობს. შესაბამისად, ცენტრალიზებულ და მკაცრად იერარქიულ ორგანიზაციაში გაცილებით მაღალი ძალაუფლებრივი დისტანციაა, ვიდრე დეცენტრალიზებულ და ნაკლებად იერარქიულ ორგანიზაციაში. ძალაუფლებრივი დისტანციის ინდექსი (PDI - Power Distance Index) გულისხმობს, „რამდენად მოსალოდნელი და მისაღებია ინსტიტუტისა და ორგანიზაციის ნაკლები ძალაუფლების მქონე წევრებისათვის ის მოსაზრება, რომ ძალაუფლების განაწილება თანაბარი არ არის“ (გ. და გ.ი. ჰოფსტედეები, 2011). ავტორთა მოსაზრებით, მაღალი ძალაუფლებრივი დისტანცია კოლექტივისტური საზოგადოების მახასიათებელია და ის ხშირად ორგანიზაციული დისფუნქციის მიზეზია. კიმ კემერონი და მიჩიგანის უნივერსიტეტის სხვა პროფესორები დისფუნქციას შემდეგნაირად განმარტავენ: ორგანიზაციული დისფუნქცია ეს ის მდგომარეობაა, როცა არსებულ ორგანიზაციულ კულტურას აღარ აქვს უნარი გაზარდოს ან შეინარჩუნოს მომსახურების ეფექტურობა, რის საფუძველზეც მომსახურების ხარისხი დროთა განმავლობაში კლებულობს. (ვანიშვილი, დ., 2015). დღეს, საჯარო ადმინისტრირების სფეროში მაღალი ძალაუფლებრივი დისტანციის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არაა და მისი ზეგავლენა ორგანიზაციის დისფუნქციაზე კულტურული და ინსტიტუციური კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარია. (ვანიშვილი, დ. (2015, ივლისი). ძალაუფლებრივი დისტანციის გავლენა ორგანიზაციულ კულტურაზე საქართველოს საჯარო სექტორში. სამაგისტრო ნაშრომი წარმოდგენილი საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ხარისხის მოსაპოვებლად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press