პოლიტიკის ცვლილება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Change

მკვლევართა უმრავლესობა (Beland & Waddan) ხაზგასმით მიუთითებს პოლიტიკის ცვლილების განსაზღვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურაში კონსენსუსის არარსებობაზე. საკითხი, რომელიც უმეტეს კვლევებში წამოიჭრება, ერთი მხრივ, დაკავშირებულია  თვით პოლიტიკის ცვლილების ტერმინის განსაზღვრებასთან და, მეორე მხრივ, პოლიტიკის ცვლილებისხარისხთან. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, იზომება ცვლილების პოტენციალის მასშტაბით და, ხშირად აიხსნება„წარსულზე დამოკიდებულების თეორიით“ (path-dependent theory). მიუხედავად ამისა, არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ უნდა იქნეს განსაზღვრული „წარსულზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება“ (path-departing) პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებაში. მაგალითად, სოციალური პოლიტიკის სამ სფეროში აშშ-ს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების პროცესის გაანალიზებისას, ბელანდი და უადანი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაბნეულობას იწვევდა ის ფაქტი, რომ „წარსულზე დამოკიდებუ­ლებისგან განთავისუფლება“ ზოგჯერ აღიქმებოდა, როგორც წარსულთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, რაც, უმრავლეს შემთხვევაში, შეუძლებელი ან უაღრესად იშვიათია (Beland & Waddan, 2012). ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილება, როგორც წესი, ეფუძნება იდეოლოგიურ თუ ინსტიტუციონალურ განგრძობითობის ამა თუ იმ ფორმას და, შესაბამისად, ასოცირებულია უფრო წარსულის მოდიფიცირებასთან, ვიდრე მის რადიკალურ ტრანსფორმაციასთან.

სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ორიენტირებულია პოლიტიკის ცვლილების არსის დადგენაზე, გვთავაზობს პოლიტიკის ცვლილების ორ ურთიერთდაპირისპირებულ განმარტებას: პოლიტიკის კურსის ცვლილების შეფასებისას, პირველი მხედველობაში იღებს პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში ჩართული პოლიტიკის გარე სუბიექტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხს. მეორე კი, პოლიტიკის ცვლილებას აფასებს უშუალოდ სტატუს კვოს ცვლილებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, ცვლილება ვისი მხრიდან იყო ინიცირებული.

პოლიტიკის ცვლილების პირველი განმარტების მომხრეთა შორის აქტიურად განიხილება ბაუმგართნერი და მისი კოლეგები (Baumgartner et al, 2009), რომლებმაც თითოეული საკითხის შედეგები ცვლილებებთან დაკავშირებით სამ კატეგორიად დააჯგუფეს: „მნიშვნელოვანი“ ცვლილებები, „ზომიერი“ ცვლილებები და „ნულოვანი“ ცვლილებები. წიგნში „ლობირება და პოლიტიკის ცვლილება“ „მნიშვნელოვანი“ ცვლილებების კატეგორიაში გაერთიანებულია ისეთი შემთხვევები, სადაც პოლიტიკის ცვლილება, სავარაუდოდ, განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენდა სამიზნე ჯგუფზე და მაქსიმალურად თანხმობაში მოდიოდა პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში ჩართული ჯგუფების მოთხოვნებთან. ეს კი იწვევდა სტატუს კვოს მკვეთრ ცვლილებას. პოლიტიკის კურსის „ზომიერი“ ცვლილებების კატეგორიაში გაერთიანებულ შემთხვევები კი შედარებით იშვიათი იყო და, ჩვეულებრივ, ასახავდა მხოლოდ ერთ, მცირე ნაწილს იმისას, რასაც პოლიტიკის ცვლილების მომხრეები მოითხოვდნენ. ამგვარი შემთხვევები ექცევა „ზომიერი“ ცვლილების კატეგორიაში და მოლაპარაკებისა და კომპრომისების შედეგად შესაძლოა, გარდაიქმნას პოლიტიკის ინკრიმენტალური ცვლილებების გამომწვევ შემთხვევად. ისეთი შემთხვევები, როცა  არ ხდებოდა პოლიტიკის ცვლილება, შესაბამისად, „ნულოვანი“ ცვლილებების სახით არიან სახელდებული. ამრიგად, ამ კატეგორიზაციის მიხედვით, პოლიტიკის ცვლილების დონე უშუალოდ არის დაკავშირებული პოლიტიკის ადვოკატირების პროცესის შედეგებზე.

პოლიტიკის ცვლილების მეორე განმარტებითი,  ჩარჩო  ამის საპირისპიროდ, პოლიტიკის ცვლილების ფარგლებს, პირველ რიგში, განსაზღვრავს ინსტიტუციური პირობებისა  და ცვლილებების კუთხით. ინსტიტუციური თვალსაზრისით, პოლიტიკის კურსის ცვლილება იზომება ზეგავლენის იმ ხარისხით, რომელსაც ინსტიტუციური ცვლილებები ახდენენ ამომრჩევლებზე და ასევე ფართო ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კონტექსტით (Beland&Waddan, 2012).

ზოგადად, საჯარო პოლიტიკის შესახებ ლიტერატურაში ხშირად გამოყენებულია სხვადასხვა ტერმინი პოლიტიკის ცვლილების არსის აღსაწერად. პოლიტიკის ცვლილების შესაძლებლობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის ამა თუ იმ ალტერნატიულ ვარიანტთან, რომლებიც, თავის მხრივ, ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად შეიცავს თითოეული მათგანი სტატუს კვოსგან არსობრივად განსხვავებული რეაგირების შესაძლებლობას. მაჯონეს (Majone, 1991) თვალსაზრისით, ზოგიერთი ალტერნატიული ვარიანტი მოითხოვს პოლიტიკის კურსის ახალ, არსებით და რადიკალურ ცვლილებას, მაშინ როცა სხვა ვარიანტები მხოლოდ მცირეოდენ შესწორებას მოითხოვს არსებულ პოლიტიკასა და პროგრამებში. პოლიტიკის კურსის ცვლილების ეს ორი სახე, ერთი მხრივ, პოლიტიკის რადიკალური, მეორე მხრივ კი, პოლიტიკის ინკრიმენტული ცვლილების იდენტურია. ჰოლმა (1993) განსაზღვრა ცვლილების სამი სავარაუდო ტიპი: პირველი რიგის ცვლილება, სადაც მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტები იცვლება; მეორე რიგის ცვლილება, სადაც ცვლილება ჩანს პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად საჭირო ინსტრუმენტების ძირითად პარამეტრებისა თუ კატეგორიების შერჩევაში და მესამე რიგის ცვლილება, სადაც უშუალოდ პოლიტიკის მიზნები იცვლება. ამგვარი დამაბნეველი ტერმინოლოგიის ფონზე, ჰოულეტი და მისი კოლეგები გვთავაზობენ პოლიტიკის ცვლილების ორ ძირითად ტიპს, რომლებიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ცვლილებები დაკავშირებული აბსტრაქტულ პოლიტის მიზნებთან ან კონკრეტული პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტებთან (Howlett, 2009). ჰოულეტი განმარტავს, რომ პოლიტიკის მიზნებისა და ინსტრუმენტების ტიპის ცვლილება მოითხოვს ახალი იდეებისა და სიახლეების შეტანას საჯარო პოლიტიკის დებატებში. ცვლილების უფრო კონკრეტული ვარიანტები, რომლებიც განსაზღვრავენ პროგრამის დეტალებს, პროგრამული პარამეტრებისა თუ ინსტრუმენტების ცვლილების დონეზე, მეორე მხრივ, უფრო მეტად არის სტატუს კვოზე ორიენტირებული, ახორციელებენ რა მასში შედარებით მცირე ხასიათის ცვლილებებს.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: