პოლიტიკის ანალიტიკოსი

Policy Analyst

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუციონალურ დონეზე გაფორმება ოფიციალურად 1951 წლიდან იწყება, როცა გამოვიდა საავტორო კოლექტიური ნაშრომი ჰ. ლასუელისა და დ. ლერნერის რედაქტორობით. ამით, ფაქტობრივად, სათავე დაედო ე.წ. პოლიტიკურ-მმართველობით მოძრაობას (Policy Movement). ნაშრომის შესავალ სტატიაში აღნიშნულ მოძრაობას დაეკისრა ისეთი ფუნქციების შესრულება, როგორებიცაა, ერთი მხრივ,  საჯარო გადაწყვეტილებათა ეფექტიანობის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო მართვის პრაქტიკაში დემოკრატიული პრინციპებისა და ჰუმანისტური ფასეულობების დანერგვა-განვითარება. ამ უკანასკნელში იგულისხმებოდა პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის დემოკრატიულ თეორიასთან შესაბამისობაში მოყვანა. 1960-70-იან წლებში კი ხდება პოლიტიკის ანალიზის, როგორც საუნივერსიტეტო სასწავლო დისციპლინის, ინსტიტუციონალიზაცია.

60-იანი წლების ბოლოს ჯერ კალიფორნიის (ბერკლის), შემდეგ კი სხვა წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში იქმნება სპეციალიზებული კურსები და პროგრამები პოლიტიკის ანალიზში, იწყება მაგისტრანტებისა და დოქტორების მომზადება ამავე სპეციალობით. ამავე დროს, თანდათანობით ფეხს იკიდებს მეორე, არანაკლები მნიშვნელობის მქონე პროცესი - პოლიტიკის ანალიზის განსაკუთრებულ პროფესიულ სფეროდ გადაქცევა. სახელმწიფო ფედერალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებში იწყება ანალიტიკური ქვედანაყოფების გაფართოება, სახელმწიფო ორგანოების საშტატო განრიგში ჩნდება სტანდარტული ერთეული – ანალიტიკოსი. შეერთებულ შტატებში ეს პროცესი 1970-80-იან წლებს ემთხვევა. ამავე პერიოდში იქმნება რიგი ახალი ჟურნალები, რომლებიც პოლიტიკურ-მმართველობით პრობლემატიკასა და მმართველობით-პოლიტიკური კურსის ანალიზის საკითხებზე არიან ორიენტირებულნი. ესენია: “Policy Sciencies”, “Policy Studies Journal”, “Policy Studies Review”, “Journal of Policy Analysis and Management” და სხვები. დღეს შეერთებულ შტატებში ამ პროფილის დაახლოებით 400-მდე ჟურნალი გამოიცემა.

გასული საუკუნის 60-70-იან წლებს ემთხვევა, ასევე ამ დარგში ახალი პროფესიული ასოციაციების შექმნაც. მაგალითად, “პოლიტიკურ-მმართველობითი კვლევების ასოციაცია” (Policy Studies Organization), რომელიც, ძირითადად, პოლიტოლოგებს აერთიანებს და “პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის დისციპლინათშორისი ასოციაცია” (Association of Public Policy Analysis and Management), რომელშიც ამჟამად დაახლოებით ორი ათასი პრაქტიკოსი ანალიტიკოსია გაწევრიანებული. ევროპაში პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუციონალიზაცია გაცილებით უფრო მშვიდად მიმდინარეობდა. მისი დამკვიდრების ტემპი ევროპის სხვადასხვა ქვეეყანაში არაერთგვაროვანი იყო. გერმანელი პოლიტოლოგის ჰ. ვოლმანის აზრით, პოლიტიკის ანალიზის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის, გავრცელებისა და დამკვიდრების ტემპი დამოკიდებული აღმოჩნდა 4 ფაქტორზე: ანალიტიკურ პროდუქციაზე მოთხოვნილების არსებობაზე, სახელმწიფო მართვის ისტორიულად დამკვიდრებულ ორგანიზაციულ მოდელებსა და რეგლამენტებზე, სამეცნიერო საზოგადოებრიობის პროფესიონალიზმსა და მათ მზადყოფნაზე, ჩართულიყვნენ ანალიტიკურ საქმიანობაში. ამ მხრივ, სამაგალითოა ინგლისის გამოცდილება, სადაც პოლიტიკის ანალიზის გამოყენება ხელისუფლებაში მარგარეტ ტეტჩერის მოსვლისთანავე დაიწყო. აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვა და ექსპერტიზა, ხოლო 1983 წელს გაუქმდა პოლიტიკური შეფასების ცენტრალური სამსახური, რომელიც თავის დანიშნულებას ვერ ასრულებდა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: